ახალი ამბები

ზალკალიანი დმიტრო კულებას შეხვდა

20 თებერვალი, 2022 • 1016
ზალკალიანი დმიტრო კულებას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა.

უწყება ამბობს, რომ ზალკალიანმა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას.

„ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებული მხარდაჭერის და კონსოლიდაციის მნიშვნელობას, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ვითარების დეესკალაცია და თავიდან იქნეს აცილებული ინტერვენცია. ამ კუთხით, აღინიშნა ის მძიმე გამოცდილება, რაც უკრაინას და საქართველოს გააჩნია შეიარაღებული კონფრონტაციის და რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციის სახით.

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ერთიანი პოზიციის და საერთო მხარდაჭერის მნიშვნელობას გავლენათა სფეროების გადანაწილების დაუშვებლობასა და ქვეყნების სუვერენული არჩევანის პრინციპის ურყეობასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას, როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ურთიერთმხარდაჭერის და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით,“ – წერია უწყების პრესრელიზში.


გუშინ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გუშინ სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი ერთ-ერთი საკვანძო გზავნილი იყო ის, რომ უკრაინას ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე ნათელი პასუხები სჭირდება.

ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება — ზელენსკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი