ახალი ამბები

სამინისტროს აზრით, ქართული ცეკვების “დაცვის სამართლებრივი მექანიზმები” გასაუმჯობესებელია

19 თებერვალი, 2022 • 1649
სამინისტროს აზრით, ქართული ცეკვების “დაცვის სამართლებრივი მექანიზმები” გასაუმჯობესებელია

კულტურის სამინისტრო ფიქრობს, რომ ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი “დაცვის სამართლებრივი მექანიზმები” გაუმჯობესებას საჭიროებს. უწყება ახსენებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც, მისი აზრით, “სვანური ცეკვა ხელყოფილია”.

სამინისტრო 19 თებერვლის განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას აქვს მინიჭებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ქალაქურ მრავალჟამიერთან და ქართულ გალობასთან ერთად.

“თუმცა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის.

სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა:

“კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება”.

უწყება ასევე დასძენს, რომ 16 თებერვალს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი