ახალი ამბები

კულტურის მინისტრის ბრძანება ზღუდავს კვლევის პროცესს – „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“

18 თებერვალი, 2022 • 1039
კულტურის მინისტრის ბრძანება ზღუდავს კვლევის პროცესს – „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, – რომლის თანახმადაც დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება, – საარქივო მასალებზე წვდომას ზღუდავს.

კოალიციის თანახმად, 2022 წლის 1 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება, რომლითაც „მკვეთრად იზღუდება სამინისტროს სისტემაში შემავალ სამუზეუმო, მათ შორის საარქივო ფონდებში მკვლევართა დაშვება“.

„კერძოდ, კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ კი სამინისტროსაც უნდა ეცნობოს“, – წერს კოალიცია.

კოალიცია ყურადღებას ამახვილებს, რომ საარქივო და სამუზეუმო სფეროს მთავარი ამოცანა,
გარდა დოკუმენტებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის ფიზიკური დაცვისა და შენახვისა, მათი კვლევისა და განათლების პროცესისათვის ღიაობა და ხელმისაწვდომობაა.

„იმ პირობებში, როდესაც მტრული ქვეყნის მთავარი დასაყრდენი საბჭოთა იდეოლოგიზებული ისტორიაა, მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა ხელს უწყობს რუსეთის დეზინფორმაციას და, შესაბამისად, ასუსტებს მოქალაქეთა მდგრადობას პროპაგანდის წინააღმდეგ“, – წერს კოალიცია.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ გარემოებაზე, რომ არქივსა და სამუზეუმო ფონდში მოქალაქეთა კვლევითი  საქმიანობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, თუმცა შენიშნავენ, რომ უკანასკნელ წლებში, საარქივო და ახლა კი უკვე სამუზეუმო სფეროშიც „სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები ქმნის დამატებით, რუტინულ და საბჭოური ტიპის ცენტრალიზებულ მექანიზმებს“.

„ამით მაქსიმალურად ეშლებათ ხელი მოქალაქეებს, რომ სწრაფად, სრულფასოვნად და მარტივად ისარგებლონ ამ წყაროებით. მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო მესამე წელია გადაჭრით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ არქივში (რომელიც სამინისტროს სსიპ-ია) არქივებზე წვდომის ხელოვნურად შეზღუდვის შემსუბუქებას“, – წერია განცხადებაში.

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოუწოდებს სამინისტროს:

  • „არქივები სრულად საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდეს, რათა მედიასაშუალებებმა, დოკუმენტალისტებმა, კინემატოგრაფებმა, მეცნიერებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა შეძლონ ეფექტიანი გამოყენება;
  • თავი შეიკავოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დამატებითი ბარიერების დაწესებისგან, რადგან ეს ეწინააღმდეგება მმართველობის დემოკრატიულ ღირებულებებს და აფერხებს/ანელებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გავრცელების შესაძლებლობებს;
  • უფრო მეტად განიმარტოს, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ბრძანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი