ახალი ამბები

ენმ რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს

16 თებერვალი, 2022 •
ენმ რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს

„ნაციონალურ მოძრაობას“ შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლება და ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს.

„ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ერთიანი ძალისხმევა. ვიაზრებთ იმასაც, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება მთელი რესურსის მობილიზებას შეეცდება, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმუმს გავაკეთებთ“, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

„ბადრი ჯაფარიძეს დაჩქარებულად მოუხსნეს დეპუტატის სტატუსი, ვინაიდან ის იყო ის 50-ე და გადამწყვეტი ხმა, რომელიც საჭირო იყო ჩემი წამების კომისიის შესაქმნელად. ამიტომ, მე მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ბევრად მაღლა დგას ყველა ნამდვილი ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის იდეა. არსად არავის მსოფლიოში არ დაუმარცხებია მაფიოზური რეჟიმები ყველას ერთიანობის გარეშე. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში. ოღონდ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმშიც და რუსთავშიც გამარჯვება ვერ მიიღწევა, თუ მანამდე ქვეყანაში არ იქნება დიდი ტალღა სიღატაკის, ძარცვის, უსამართლობის, დაცინვის წინააღმდეგ და ეს ტალღა იქნება აუცილებლად უმოკლეს ხანში“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო. ამის შემდეგ „ლელომ“ ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს გაიმართება. შუალედური არჩევნები მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რუსთავის მაჟორიტარი ნინო ლაცაბიძე ქალაქის მერი გახდა.https://netgazeti.ge/life/591711/

მასალების გადაბეჭდვის წესი