პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი აირჩია.
პირველადი კენჭისყრით, ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე წარმოდგენილმა ორმა კანდიდატმა, თენგიზ თევზაძემ და გიორგი კალანდარიშვილმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი(100) ხმა ვერ მიიღო.
კანონმდებლობის შესაბამისად, განმეორებით კენჭისყრაზე 84 ხმით, 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.
რაც შეეხება ცესკოს პროფესიული წევრების არჩევას 2 ვაკანტურ თანამდებობაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს ოთხ კანდიდატს – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მსგავსად, აქაც ვერც ერთმა კანდიდატურამ პირველადი კენჭისყრით ხმათა 2/3 ვერ მოაგროვა.
განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად 79 ხმით 2-ის წინააღმდეგ მაია ზარიძე, 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ კი გია ცაცაშვილი, ასევე, 6 თვით აირჩიეს.