ახალი ამბები

თუ სადმე რუსეთის მოქალაქეების დახოცვას დაიწყებენ, ვუპასუხებთ – რუსეთის ელჩი

15 თებერვალი, 2022 • 2798
თუ სადმე რუსეთის მოქალაქეების დახოცვას დაიწყებენ, ვუპასუხებთ – რუსეთის ელჩი

რუსეთის ელჩი ევროკავშირში, ვლადიმერი ჩიჟოვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, თუკი ამის გაკეთებისკენ არ უბიძგებენ.

„თუკი უკრაინელები რუსეთს თავს დაესხმებიან, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ საპასუხო თავდასხმას მოვაწყობთ. ან, თუკი ისინი დაიწყებენ რუსეთის მოქალაქეების დახოცვას ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს დონბასი თუ სადმე სხვაგან“, – განაცხადა ჩიჟოვმა 15 თებერვალს.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „დიალოგი კვლავ შესაძლებელია“.

11 თებერვალს აშშ-მა განაცხადა, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.

არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნებმა და იაპონიამ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისაკენ მოუწოდა. ამასთან, აშშ-მა კიევში თავისი საელჩოს თანამშრომელთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება უბრძანა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღად 16 თებერვალი არის დათქმული:

„ჩვენ გვაშინებენ ომით და მათ დათქვეს შემოჭრის თარიღი. ეს პირველად არ ხდება, თუმცა ჩვენი სახელმწიფო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალი იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ“, – განაცხადა მან.

ამასთან, ამერიკული მედია აშშ-ის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს განლაგებული სამხედრო ტექნიკა „სასროლ პოზიცებზე“ გადაიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი