ახალი ამბები

„შანსი ყოველთვის არის“ — ლავროვმა პუტინს დასავლეთთან მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა

14 თებერვალი, 2022 • 1771
„შანსი ყოველთვის არის“ — ლავროვმა პუტინს დასავლეთთან მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.

პუტინმა სერგეი ლავროვისგან მოისმინა ინფორმაცია უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, ხოლო სერგეი შოიგუსგან — მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე.

კრემლის პრესპიკერ დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კონცეპტუალურად მოიწონა ლავროვის წარმოდგენილი პროექტი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთის პასუხის პასუხია და ახლა მიმდინარეობს მუშაობა საბოლოო ტექსტზე, რომელიც დასავლეთს გაეგზავნება.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პასუხი ნატო-ს არგაფართოებაზე უარყოფითია, ხოლო სამხედრო რისკების შემცირებისა და გამჭვირვალობის კომპონენტებში — კონსტრუქციული.

ვლადიმერ პუტინმა ლავროვს ჰკითხა, მისი აზრით, არის ძირითად საკითხებზე შეთანხმების შანსი თუ ეს არის მცდელობა, მოსკოვი გაუთავებელ, ალოგიკურ დიალოგში ჩაებას.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თქვენ გითქვამთ, რომ მიუღებელია დაუსრულებელი საუბარი საკითხებზე, რომლებიც დღესვე საჭიროებს გადაწყვეტას. თუმცა მაინც, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, უნდა ვთქვა, რომ შანსი ყოველთვის არის და თქვენი ბოლო კონტაქტები აშშ-ის, საფრანგეთის პრეზდენტებთან, ხვალ ჩამოდის შოლცი და სხვა კონტაქტები… ჩვენი თანმიმდევრული მუშაობის და მზაობის გათვალსიწინებით, შანსები ბოლომდე ამოწურული არ არის. მე გთავაზობთ მათ გაგრძელებას და გაფართოებას“, — განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად ყველა სამხედრო ოლქსა და ფლოტში მიმდინარეობს სამხედრო სწავლებები, რომელთა ნაწილი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი