უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამემამულეებს მიმართა და 16 თებერვალი ერთობის დღედ გამოაცხადა.
შესაბამისი ბრძანება, სახელწოდებით “უკრაინელების კონსოლიდირებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ”, სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გაავრცელა:
„ჩვენ გვაშინებენ ომით და მათ დათქვეს შემოჭრის თარიღი. ეს პირველად არ ხდება, თუმცა ჩვენი სახელმწიფო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალი იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოვეცი. ამ დღეს ჩვენ აღვმართავთ სახელმწიფო დროშებს, რათა მსოფლიომ დაინახოს ჩვენი ერთობა“ ,- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო მიმართვაში.
როგორც უკრაინული გამოცემა Unian წერს, დოკუმენტის მიხედვით, 16 თებერვალს მოქალაქეები სახლებიდან უკრაინის დროშებს გადმოფენენ. დროშები აღიმართება სახელმწიფო უწყებების შენობებზეც. ამასთან, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შესრულდება უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.
11 თებერვალს აშშ-მა განაცხადა, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.
არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნებმა და იაპონიამ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისაკენ მოუწოდა. ამასთან, აშშ-მა კიევში თავისი საელჩოს თანამშრომელთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება უბრძანა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, ქვეყანა ყოველდღე მზად უნდა იყოს, თუმცა ისაუბრა გადაჭარბებული რაოდენობის ინფორმაციაზე ომთან დაკავშირებით და დასძინა, რომ პანიკა უკრაინის მტრების “საუკეთესო მეგობარია”.
უკრაინის საკითხზე 12 თებერვალს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი “მძიმე საფასურზე” გააფრთხილა, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაეკისრება.
მოგვიანებით, პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი მოსკოვშიც შეაფასეს. პუტინის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა, საუბარს “გაწონასწორებული და საქმიანი” უწოდა.
უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო განათავსა, გარდა ამისა, რამდენიმე დღეში იწყება მასშტაბური სამხედრო წვრთნები.
რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან გასულ თვეს დასავლეთისგან მკაფიო წითელი ხაზების გავლება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე.
აღნიშნულ ულტიმატუმზე რუსეთმა აშშ-სა და ნატოსგან თანხმობა ვერ მიიღო.