ახალი ამბები

ჩემთვის სასამართლოს გამართულად მუშაობის ინდიკატორია რიცხვები, 2012-მდე გამამართლებელი განაჩენი იყო 0.1% – კაციტაძე

14 თებერვალი, 2022 • 897
ჩემთვის სასამართლოს გამართულად მუშაობის ინდიკატორია რიცხვები, 2012-მდე გამამართლებელი განაჩენი იყო 0.1% – კაციტაძე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატი კოკა კაციტაძე სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბრისას ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია რიცხვები.

ამის შესახებ მან დღეს, 14 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც მას უსმენენ. კაციტაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ჰკითხა, როგორ შეაფასებდა საქართველოს პარტნიორების დამოკიდებულებას ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით.

კაციტაძემ დეკანოიძის კითხვის პასუხად მაგალითად მოიყვანა გამამართლებელი განაჩენები და 2012 წლამდე არსებული სტატისტიკური მონაცემები დღევანდელ მონაცემებს შეადარა.

„მართლმსაჯულებაზე მქონდა შეკითხვა, როგორ ვუყურებ მე სასამართლოში არსებულ ხარვეზებს, და პირველ რიგში ამ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი ერთ რამეს, რომ ჩემთვის ინდიკატორი სასამართლოს გამართულად მუშაობის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სასამართლოს გამართულობის კუთხით, არის ციფრები. 2012 წლამდე გამამართლებელი განაჩენი იყო 0.1%, რაღაც თვეებში შეიძლება მაქსიმუმ 0.3%-ზე ასულიყო. როგორც მე ეს რიცხვები შევისწავლე, დღეს არის 9.7%, ანუ 10%-მდე.

ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში წასული 100 საქმიდან 50-ზე საპროცესო შეთანხმება არის გაფორმებული, ანუ ბრალდებული და პროკურატურა თანხმდებიან. დანარჩენ 50 საქმესთან მიმართებით 10 საქმეზე ადამიანი მართლდება და აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ საკუთარი მტკიცებულებების გზით მოითხოვოს გამართლება და სასამართლოში ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დაცვის. ეს არის მხოლოდ ციფრები, ეს არ არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზეც უნდა იყოს საუბარი“, -განაცხადა კაციტაძემ.

1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში  იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი