უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში ვადიმ პრისტაიკომ განმარტა მისი ორაზროვანი განცხადება ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესაძლებლობის შესახებ.
BBC Radio 5 Live-ის ეთერში ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია განიხილოს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა, თუ ეს ომს თავიდან ააცილებდა. დამაზუსტებელ კითხვაზე ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინა მოქნილია საუკეთესო გზის მოსაძებნად.
?️”We are trying to find the best way out.”
Ukraine’s ambassador to the UK Vadym Prystaiko has told @StephenNolan his country might agree not to join @NATO if it would avert war with Russia.
It would mean the country abandoning a goal written into its constitution.
?⬇️
— BBC Radio 5 Live (@bbc5live) February 13, 2022
„ამჟამად აქ სხვადასხვა ინტერვიუში განვმარტავთ, რომ ნატო (კურსი ნატოსკენ) განსაზღვრულია კონსტიტუციით და არანაირი ცვლილებები არ არის, მაგრამ ახლა ნატოს იმედი ვერ გვექნება, რადგან წევრები არ ვართ. ომის თავიდან ასაცილებლად ახლა მზად ვართ კომპრომისებისთვის, მაგრამ ისინი ჩადებულია არა ნატო-ს სფეროში, არამედ მინსკის შეთანხმებებში და ა.შ. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ვინარჩუნებთ კურსს, მაგრამ იძულებული ვართ, სხვა ვარიანტები ვეძებოთ, რაც ამ მომენტში გადარჩენის საშუალებას მოგვცემს“, — განუცხადა ვადიმ პრისტაიკომ “Європейська правда”-ს.
BBC-ის ინტერვიუში ელჩის მიერ გაკეთებული კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ამასთან, განაცხადა, რომ მშვიდობისა და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, უკრაინა მზადაა, დიალოგის ნებისმიერ ფორმატში შევიდეს ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„იმავდროულად, ელჩმა პრისტაიკომ მართებულად აღნიშნა ინტერვიუში, რომ ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციაში, მაგრამ უკრაინა ჯერ არ არის ნატოს ან სხვა უსაფრთხოების ალიანსის წევრი. ამიტომ, ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძოა უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. ეჭვგარეშეა, საუკეთესო ასეთი გარანტი იქნებოდა ალიანსში უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება, მაგრამ უკრაინისთვის საფრთხე აქ და ახლა არსებობს, ამიტომ გარანტიების კითხვაზე პასუხის პოვნა ფუნდამენტურად გადაუდებელი ამოცანა ხდება. ამასთან, არცერთი გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს უკრაინის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.