სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატი ემზარ გაგნიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფა სწორი იყო.
ამის შესახებ გაგნიძემ დღეს, 14 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც მას უსმენენ.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქოლგის ქვეშ რამდენიმე დიდი მიმართულების გაერთიანება მიზანშეწონილი არ იყო.
„ჩემი აზრით, განხორციელებული გაყოფის საკანონმდებლო რეგულაცია, არსებული სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, იყო არსობრივად სწორი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შეიქმნა და 2018 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური იყო, გაუფართოვდა უფლებამოსილებები.
ამის შემდეგ, უკვე 2019 წლის პირველი ნოემბრიდან, ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვა. როდესაც ასეთი დიდი სამსახურის ერთიანი ქოლგის ქვეშ არსებობს ორი მიმართულება, ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების შემოწმება და, მეორე მხრივ, საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვა და ამას მესამე მიმართულება ემატებოდა – ფარული საგამოძიებო მოქმედებების ერთიან ეროვნულ ცენტრალურ ბანკში გადამოწმების და კანონიერების საკითხების შესწავლა, სამი მსგავსი ტიპის დიდი მიმართულება ერთი ქოლგის ქვეშ, ჩემი აზრით, სამართლებრივად მიზანშეუწონელია“, – განაცხადა გაგნიძემ.
კითხვაზე, სწორად მიაჩნია თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცედურები, გაგნიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან ჰქონდა და არ იცის, ამ გაუქმების პროცესს თუ უძღოდა მოლაპარაკებები, წინადადებებით მიმართვა და ა.შ. ამიტომ მან „ამ მოცემულობაში“ შეფასებისგან თავი შეიკავა.
ამასთან, მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოქმედმა სახელმწიფო ინსპექტორმა მიმართა, ახალი სამსახურების ხელმძღანელების შერჩევის პროცესის ლეგიტუმურობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
მისი თქმით, სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის პროცედურა კანონიერია, რადგან საჯარო კონკურსის წესით ხდება პროცედურების გავლა.
თვითონ გაუქმების პროცესი პირდაპირ დაკავშირებულია კონსტიტუციურ ჭრილში განსახილველ საკითხთან, სადაც საკონსტიტუციო სარჩელით ეჭვქვეშ დაყენებულია კონსტიტუციის 25-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, როდესაც ასეთი ფორმით ხდება სამსახურის გაყოფა და ამ მხრივ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლო მოახდენს განმრატებას და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მისასალმებელი იქნება მისი გადაყწვეტილება.
თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ პროცესის ლეგიტიმურობას ვერ დააყენებს ეჭვქვეშ“, – განაცხადა გაგნიძემ.
1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას.