პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაავალა, ქვეყანაში ქოლცენტრების საქმიანობა შეისწავლოს.

პრემიერის თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საეჭვო საქმიანობაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული და მთავრობის წევრებს აბრალებენ, რაც მიუღებელია.

„მე არ მინდა, ამაზე სპეკულაციური განცხადებები გავაკეთო, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. პროკურატურამ ამის თაობაზე გამოძიების კონკრეტული შედეგები დააყენა და რამდენიმე ფაქტი გაასაჯაროვა, მათ შორის, გერმანიის პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. ყველაფერი არის ნათელი, მაგრამ ვინაიდან არ წყდება სპეკულაციები, მე მინდა ვთხოვო ფინანსთა მინისტრს, რომ საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (ჩართეთ სხვა უწყებებიც), რომელიც შეისწავლის ქოლცენტრების საქმიანობას ქვეყანაში“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მის თქმით, საქართველოში ბევრნაირი ქოლცენტრი არსებობს და მთავრობა მათი საქმიანობის წინააღმდეგი არ არის, თუ ის არ სცდება კანონიერების საზღვრებს.

„არ მინდა გვარების დასახელება, ჩემი ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული. პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და შედეგები სახეზეა, მაგრამ მაინც საჭიროა, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს სპეკულაციები, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო. თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს. ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, დაიწყეს შურისძიების მიზნით სხვებზე გადაბრალება, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე, რაც მიუღებელია და ამას არგუმეტირბეული პასუხები სჭირდება“, — დასძინა ღარიბაშვილმა.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით, 13 პირი დააკავეს.

პროკურატურის თანახმად, ე.წ. ქოლცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ქოლცენტრების საქმეზე კიდევ 6 ადამიანი დავაკავეთ – პროკურატურა