ახალი ამბები

ქოლცენტრების საქმეზე კიდევ 6 ადამიანი დავაკავეთ – პროკურატურა

3 თებერვალი, 2022 • 2145
ქოლცენტრების საქმეზე კიდევ 6 ადამიანი დავაკავეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის  კიდევექვსი წევრი დააკავა.

საუბარია გამოძიებაზე, რომელსაც პროკურატურა გერმანულ მხარესთან ერთად ატარებს. მანამდე ამ საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს.

როგორც უწყება ამბობს, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის მოქალაქეთა თანხებს. სქემა შემდეგნაირია:

„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

ე.წ. ქოლცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.

ე.წ. ქოლცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე“, – წერს პროკურატურა.

ამის შემდეგ თანხები საბანკო ტრანზაქციების მეშვეობით თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქციური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ირიცხებოდა საქართველოში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.

ამ საქმეზე მოქალაქეები დააკავეს თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი