ახალი ამბები

„თელმიკოს“ დარიცხული თანხების სისწორეს საგამოძიებო სამსახურიც შეისწავლის

14 თებერვალი, 2022 • 1046
„თელმიკოს“ დარიცხული თანხების სისწორეს საგამოძიებო სამსახურიც შეისწავლის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა საგამოძიებო სამსახურის მიერ „თელმიკოს“  დარიცხული თანხების კანონიერების და სისწორის შესწავლა.

„თელმიკოსა“ და „თელასში“ შესამოწმებლად შესვლა 3 თებერვალს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამაც (სემეკი) დააანონსა.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს, თუ ამას შეიძლება არგუმენტირებული ვუწოდოთ, რაც დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე სემეკ-მა დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ სემეკის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოსა“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.

სრული სურათის დასადგენად, მე მივიღე გადაწყვეტლება და მინდა, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთოს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მისასალმებელი იქნება, თუ დარღვევები არ აღმოჩნდება, მაგრამ გადაცდომის შემთხვევაში მთავრობის მხრიდან „ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“.

მოქალაქეები კომუნალური გადასახადების არასწორად დაანგარიშებას უჩივიან. ამბობენ, რომ იანვარში კომუნალური გადასახადები – მათ შორის, ელექტროენერგიის საფასური, საგრძნობლად გაეზარდათ. სემეკის გადაწყვეტილებით, აღრიცხვის ახალი სისტემის თანახმად, აბონენტებს 2 ქვითარი მოუვიდათ:

  1. ერთი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის ელექტროენერგიის გადასახადი,
  2. მეორე- დეკემბრის ბოლოს, რომელშიც უნდა ასახულიყო დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ არა მხოლოდ ორი ქვითარი მიიღეს, არამედ გადასახადიც გაეზარდათ.

როგორ აისახება ბიზნესისთვის გაძვირებული დენი მოსახლეობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი