სპორტული გამოცემა ESPN პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაზე (ATP) დაყრდნობით წერს, რომ მათი ანტიკორუფციული ოფისი (ITIA) იძიებს გარიგებულ მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილის სავარაუდო მონაწილეობას.
გამოცემის თანახმად, საქმე ეხება 2016 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ მატჩს. ამასთანავე, ESPN იუწყება, რომ გამოძიება რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თუ ორგანიზაციის ეჭვები დადასტურდა, ბასილაშვილს დროებითი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.
რაც შეეხება თავად ბასილაშვილის მხარეს, მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებს და მიზნად ისახავს სპორტსმენის რეპუტაციის შელახვას.
„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქციები და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.
წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდება. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან. ქალი იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ამბობდა, ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.
პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის რეპორტაჟი წინა სხდომიდან:
ახალი ინფორმაცია ძალადობაზე, დაბლოკილი ბარათები და სხვა — ბასილაშვილის მორიგი პროცესი