ახალი ამბები

ტყიბულის შახტში აფეთქებები უსაფრთხოების წესების დარღვევით ხდებოდა – შრომის ინსპექცია

31 იანვარი, 2022 • 1034
ტყიბულის შახტში აფეთქებები უსაფრთხოების წესების დარღვევით ხდებოდა – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, პირველადი მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტყიბულში, „საქნახშირის“ ქვანახშირის შახტებში სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა, რის გამოც უბანი, სადაც გუშინდელი ინციდენტი მოხდა, დაიხურა.

30 იანვარს, საღამოს საათებში, ტყიბულის შახტში მომხდარ ინციდენტს ერთი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 8 კი დააზიანა.

ადგილის შესწავლის შემდეგ, პირველადი შეფასებით, შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით:

„აფეთქების დროს ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას“.

ინსპექციის განმარტებით, არსებული რეგულაციით აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

„დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა“, – აცხადებს შრომის ინსპექცია.

გამოვლენილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა საამფეთქებლო სამუშაოები და დახურა ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, ინსპექტორთა ჯგუფი, წინა ღამიდან მოყოლებული, ამ დრომდე აგრძელებს ადგილზე მოკვლევას.

ექიმების ცნობით, წუხელ ტყიბულში  დაშავებული 8 მეშახდიტან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი, განსაკუთრებით მძიმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

„საქნახშირის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე რამდენიმე წელია არის „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის მოქალაქე გიორგი ჭელიძე.

ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების ინდუსტრიაში, „საქნახშირის“ ცნობით, 1230 ადამიანია დასაქმებული.

ბოლო

მასალების გადაბეჭდვის წესი