ახალი ამბები

წულუკიანის მინისტრობისას უკანონო დათხოვნების გამო იუსტიციამ 332 172 ლარით იზარალა – TI

11 თებერვალი, 2022 • 1538
წულუკიანის მინისტრობისას უკანონო დათხოვნების გამო იუსტიციამ 332 172 ლარით იზარალა – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ წამოწყებული სასამართლო დავების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტმა 332 172 ლარით იზარალა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ორგანიზაციის იურისტები იცავენ იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან თეა წულუკიანის მმართველობის დროს დათხოვნილი 18 თანამშრომლის ინტერესებს.

სწორედ ამ საქმეებზე დაყრდნობით ასახელებს ორგანიზაცია აღნიშნულ თანხას. კერძოდ, TI-ს თანახმად,

  • 202 672 ლარი გადახდილია 5 დასრულებული საქმის შედეგად;
  • 129 500 ლარი სასამართლოში მიმდინარე საქმეებზეა დაკისრებული. „საბოლოო გადაწყვეტილებებამდე ეს თანხა ყოველთვიურად იზრდება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

თეა წულუკიანი, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2020 წლამდე იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს. შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლა, თუმცა მალევე, 2021 წლის მარტში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი გახდა.

თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებიდან უკვე ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს — კურატორები, მკვლევრები, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები. მათი რაოდენობა ამ დროისთვის 70-ს აღწევს.

კულტურის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებული არაერთი ყოფილი თანამშრომელი სამინისტროს სასამართლოში უჩივის უკანონო გათავისუფლების გამო. ამჟამად რამდენიმე დავა მიმდინარეობს.

ვრცლად, გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი