ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“შეშფოთებული ვართ” – აშშ-ის საელჩო აზერბაიჯანში მედიის ახალ კანონზე

11 თებერვალი, 2022 • 1996
“შეშფოთებული ვართ” – აშშ-ის საელჩო აზერბაიჯანში მედიის ახალ კანონზე

აშშ-ის საელჩო აზერბაიჯანში შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ “მედიის შესახებ” ახალი კანონი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიიღო. 

“შეშფოთებული ვართ იმით, რომ მედიის შესახებ ახალი კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტთა, მედიის სფეროს ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს და ევროპის საბჭოს აზრის გათვალისწინების გარეშე იყო მიღებული და ხელმოწერილი. 

ვაგრძელებთ პრეზიდენტ ალიევის მიერ ხელმოწერილი კანონის შესწავლას და მოუთმენლად ველით ექსპერტებისგან კანონის ანალიზს. 

მოვუწოდებთ მთავრობას, ახალი კანონი გამოიყენოს ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადეს აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებელი გამოცემის, Turan -ის მიმართვის საპასუხოდ.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა პროტესტის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს თავისუფალ ჟურნალისტთა საქმიანობას.

ახალი კანონით, მედიაორგანიზაციებმა საქმიანობის გასაგრძელებლად ხელსუფლებისგან ლიცენზია უნდა მიიღონ, რაც თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის შეუძლებელი  გახდება. ამასთან, გარკვეული  სამართლებრივი თემების გაშუქება სამართალდამცავ ორგანოებს უნდა შეუთანხმონ.

უფრო ვრცლად აზერბაიჯანში მედიის შესახებ ახალი კანონის შესახებ: 

რა ემუქრება აზერბაიჯანში ჟურნალისტებს ახალი კანონით – ინტერვიუ ხადიჯა ისმაილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი