ახალი ამბები

იზოლაციის ვადები კვლავ მცირდება – ვის ეხება ცვლილება

10 თებერვალი, 2022 •
იზოლაციის ვადები კვლავ მცირდება – ვის ეხება ცვლილება

საქართველოში შემცირდა COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკარანტინო ვადები 6 დღემდე ვრცელდება სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცაა:

  • სამედიცინო დაწესებულებები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • საქართველოს პროკურატურის სისტემა;
  • ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში კი მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.

ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის, უწყების განცხადებით, იზოლაცია სრულდება Covid- 19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ.

სამინისტროს განცხადებით, ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდებულია.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის კი იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით.

ამ შემთხვევაშიც, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

უწყებაში განმარტავენ, რომ კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც. ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ პირებს ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში.

იგივე ვრცელდება ბუსტერ დოზის არმქონე პირებისთვის, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება პირებზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60 -დღიანი პერიოდი.

ჯანდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე, შემდეგ პირებს:

  • ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ პირებს;
  • სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90
    დღის განმავლობაში;
  • ასევე პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში; იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი