ახალი ამბები

წარმოუდგენლად კომიკური, დაუჯერებელი რამ მოხდა სენაკის საკრებულოში – მდინარაძე

10 თებერვალი, 2022 • 1419
წარმოუდგენლად კომიკური, დაუჯერებელი რამ მოხდა სენაკის საკრებულოში – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სენაკის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს „წარმოუდგენლად კომიკურს“ უწოდებს და სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, საკრებულო კვორუმის გარეშე შეიკრიბა.

„სენაკის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაშიც 33 დეპუტატია – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად, საკრებულოს სხდომის გახსნა, არა ხმათა უმრავლესობით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

„მათი არითმეტიკით, თექვსმეტი 33-ის ნახევარზე მეტია. საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი უფლება კი ასეთია – სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი“, – თქვა პარლამენტარმა.

„კოალიციაში მყოფმა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ არარსებული სხდომა კვორუმის გარეშე დაიწყეს და მიიღეს ე.წ. გადაწყვეტილებები. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე“, – განაცხადა დეპუტატმა.

მდინარაძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „ერთობლივ საქმიანობაში სააკაშვილის და გახარიას პარტიები”:  „სააკაშვილი-გახარიას პარტიების ერთობლივი საქმიანობა, ვიცით უკვე, რომ ჩვეულებრივი ამბავია“.

„ნეტგაზეთი“ მალევე შემოგთავაზებთ ოპოზიციის პასუხს მდინარაძის კომენტარზე.


სენაკის საკრებულოს 33 დეპუტატი აკომპლექტებს. უმრავლესობას 17 ხმა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ენმ-ს – 13, გიორგი გახარიას პარტიას კი – 4.

თუმცა გახარიას პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა, ხოლო მისი ჩამნაცვლებლის უფლებამოსილება საკრებულოს 9 თებერვლამდე არ უცნია.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი