ახალი ამბები

თოლორაიას შემცვლელად წარდგენილი კანდიდატები სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ – „უფლებები საქართველო“

10 თებერვალი, 2022 • 935
თოლორაიას შემცვლელად წარდგენილი კანდიდატები სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ – „უფლებები საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას შემცვლელად პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული კანდიდატურები არ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აღნიშნულ კანდიდატურებს მხარი არ უნდა დაუჭიროს.

„უფლებები საქართველო“ განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრს წარუდგინა განსხვავებული აზრი და კონკურსის ხელმეორედ გამოცხადება მოითხოვა. თუმცა ღარიბაშვილმა არ გაითვალისწინა ორგანიზაციის წარმომადგენლების განსხვავებული მოსაზრება და პარლამენტს ლონდა თოლორაიას შემცვლელად ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.

„იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და პრემიერ-მინისტრმა არ გაითვალისწინა „უფლებები საქართველოს“ მიმართვა კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პარლამენტის როლს ამ პროცესში. კერძოდ, „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს არ უნდა დაუჭიროს მხარი და ამით შექმნას წინაპირობა კონკურსის ხელახლა გამოცხადებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

„უფლებები საქართველო“ ასევე საუბრობს საკანონმდებლო ცვლილებაზეც, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. საქართველოს სახალხო დამცველის და თავად მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების კონსტიტუციურობა სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე.

„საკითხის სიმწვავიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ დააჩქაროს საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა, ხოლო, მეორე მხრივ, არ მოხდეს ახალშექმნილი უწყებების ხელმძღვანელების შერჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე“, – აცხადებს „უფლებები საქართველო“.

აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს მიმართავს:

  • საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს და ამით შექმნას წინაპირობა კონკურსის ხელახალი გამოცხადებისთვის;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად უზრუნველყოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხელახალი კონკურსი გამოცხადდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობდა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, კარლო ნიკოლეიშვილი. ის კომისიაში სახალხო დამცველის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი კვოტის ფარგლებში იყო წარდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი