იტალიის საპარლამენტო პარტია Forza Italia გაემიჯნა თავისივე დეპუტატ მატეო დალ’ოსოს, რომელმაც აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან ერთად 9 თებერვალს პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციასთან დაკავშირებით პარტიის Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა ვალენტინო ვალენტინიმ განცხადება გაავრცელა.
„შევიტყვეთ დეპუტატ დალ’ოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალ’ოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტია Forza Italia-ს პოზიციას.
ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე, ავრცელებს დეპუტატთა პალატის პრესცენტრის განცხადებას.
„დეპუტატ მატეო დალ’ოსოს ორგანიზებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით, რომლის სათაური იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“, ვაცხადებთ, რომ პარლამენტის სასახლეში ცალკეული დეპუტატის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია არ იმართება არც დეპუტატთა პალატის და არც მისი თავმჯდომარის ეგიდით და მხარდაჭერით; მსგავს ღონისძიებაზე პასუხისმგებელია თავად დეპუტატი“, — ნათქვამია განცხადებაში.
Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის წევრ მატეო დალ’ოსოს ორგანიზებით, იტალიის პარლამენტში 9 თებერვალს გაიმართა პრესკონფერენცია, სახელწოდებით „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“, რომელშიც ონლაინ ჩაერთო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.
იტალიის პარლამენტში “აფხაზების თვითგამორკვევაზე” პრესკონფერენცია იმართება