ახალი ამბები

მაკრონის თქმით, პუტინმა დაარწმუნა, რომ უკრაინის საზღვრებთან კრიზისს არ გაამწვავებენ

8 თებერვალი, 2022 • 1113
მაკრონის თქმით, პუტინმა დაარწმუნა, რომ უკრაინის საზღვრებთან კრიზისს არ გაამწვავებენ

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ რუსული ძალები უკრაინის საზღვრებთან კრიზისს არ გაამწვავებენ.

„მე დამარწმუნეს, რომ გაუარესება ან ესკალაცია არ იქნება“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონი გუშინ ჯერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, დღეს, 8 თებერვალს კი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და საფრანგეთი მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად მინსკის შეთანხმების შესრულება აუცილებელია. მისივე თქმით, ასევე აუცილებელია, ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებზე ახალი მიდგომებით დაიწყოს ფართო დიალოგი.

მაკრონის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის „მოლაპარაკებების წინ წაწევის“ შანსი არსებობს. მისივე თქმით, ხედავს „კონკრეტულ გზებს“ დაძაბულობის შემცირებისთვის.

როგორც მან აღნიშნა, მხარეები „იზიარებენ“ მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის „სურვილს“. მაკრონის თქმით, კრიზისის ნებისმიერ მოგვარებას თვეები შეიძლება დასჭირდეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა მასთან საუბარში თქვა, რომ არანაირი ესკალაციის უკან არ დადგება.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ “უახლოეს მომავალში” ელოდება  რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის მოლაპარაკებების გამართვას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.

ზელენსკიმ მოუწოდა პუტინს, მიიღოს სერიოზული ზომები დაძაბულობის შესამცირებლად.

„სიტყვებს ნამდვილად არ ვენდობი, მჯერა, რომ ყველა პოლიტიკოსს შეუძლია იყოს გამჭვირვალე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი