ახალი ამბები

ლარი დოლართან კიდევ 2.8 თეთრით, ევროსთან კი 3.31 თეთრით გამყარდა

8 თებერვალი, 2022 • 935
ლარი დოლართან კიდევ 2.8 თეთრით, ევროსთან კი 3.31 თეთრით გამყარდა

8 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც 9 თებერვლიდან იმოქმედებს, ლარი აშშ დოლართან კიდევ 2.8 თეთრით გამყარდა. შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9200 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთანაც 3.31 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 9 თებერვალს 3.3338 ლარი იქნება.

„TBC კაპიტალის” შეფასებით, ლარის მიმდინარე გამყარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, გაძლიერებული წმინდა სავალუტო შემოსავლებისა და თავად ლარის სტაბილურობის/გამყარების შედეგია, რადგანაც ორგანიზაციის განცხადებით, ხშირად სწორედ თავად დოლარი/ლარის კურსი განსაზღვრავს მოლოდინებს.

რაც შეეხება ინფლაციას, ამ მხრივ, კომპანიის თქმით, იანვრის თვიური მაჩვენებელი სამიზნეს აღემატებოდა. თუმცა ეს, სავარაუდოდ, უფრო გამონაკლისია ბოლო თვეების საერთო დინამიკისგან:

„სადღეისოდ, როგორც დოლარის, ასევე განსაკუთრებით ეფექტური კურსის მხრივ უფრო ძლიერი ლარისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის ჩვენი წინა პროგნოზით დაშვებული მაჩვენებლები დაახლოებით იმავე დონეზეა, 2022 წლის ბოლო პერიოდის ინფლაცია უფრო სამიზნეზე დაბლა, ვიდრე მასთან ახლოსაა

ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის”, – ნათქვამი „TBC კაპიტალის“ მიმოხილვაში.

ლარის განაკვეთების მხრივ, TBC კაპიტალის წინა პროგნოზი, სადაც 2022 წლის განმავლობაში 2 პროცენტული პუნქტით შემცირებას გულისხმობდა. კომპანიის თქმით, აღნიშნული პროგნოზი უცვლელი რჩება:

“ჩვენი აზრით, ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება”, – წერია მიმოხილვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი