ახალი ამბები

“დარიანის” შესწორებული ვერსიის 1 200 ეგზემპლარი დაიბეჭდება

7 თებერვალი, 2022 • 835
“დარიანის” შესწორებული ვერსიის 1 200 ეგზემპლარი დაიბეჭდება

წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ შესწორებული ვერსიის გამოსაცემად შეგროვებული თანხით 1 200 ეგზემპლარი დაიბეჭდება. ამის შესახებ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს:

“მეგობრებო, ცოტა მეტი დრო დასჭირდა წიგნის მომზადებას, ვიდრე გვეგონა, მაგრამ გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ დღეს, 7 თებერვალს, წიგნი გავუშვით სტამბაში.
დაიბეჭდება 1200 ცალი, რომ შემომწირველებსაც ეყოთ და დაინტერესებულ მყიდველებსაც”, – წერს საინიციატივო ჯგუფი.

მათი ინფორმაციით, შემოწირული თანხებიდან წიგნის დაბეჭდვას 9 240 ლარი მოხმარდება, წიგნი კი სტამბა “დამანსში” დაიბეჭდება. ჯგუფის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის დარიგდება წიგნები და რაში დაიხარჯება დანარჩენი თანხა, მოგვიანებით გაავრცელებენ.

საუბარია ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნზე, რომელშიც ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად შეცდომით იყო მითითებული ელენე ბაქრაძე (დარიანი).

17 იანვარს კულტურის სამინისტრომ  მუზეუმისგან მოითხოვა აღნიშნული გამოცემის გავრცელების შეწყვეტა და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დაბრუნება.

როგორც მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე აცხადებდა, მუზეუმს კულტურის სამინისტროსთვის 6 280 ლარი უნდა გადაეცა. ახალი ტირაჟის დასაბეჭდად კი იმავე თანხას ვარაუდობდა. ანუ, ჯამში, შესაგროვებელი იყო 12 560 ლარი, თუმცა გასულ თვეში, 20 იანვარს საინიციატივო ჯგუფმა ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ წიგნის გამოსაცემად შემოწირულების სახით 31 564.85 ლარი იყო შეგროვებული.

იმის შესახებ, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) წიგნში შეცდომა იყო, თავად ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს გამოაქვეყნა სტატუსი ფეისბუკზე. ის განმარტავდა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი, რომელიც ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, შეცდომით მიიჩნიეს დარიანის ლექსად და გამოაქვეყნეს მისი ავტორობით.

ნახეთ ვრცლად:

ბაქრაძე: სამინისტრო დარიანის გაყიდული წიგნების დაბრუნებას გვთხოვს, რაც შეუძლებელია

მასალების გადაბეჭდვის წესი