დღეს, 7 თებერვალს, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს პაპუაშვილის ნატოში ვიზიტი და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრები.
ელჩის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხიც.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელებად დამოუკიდებელი კანდიდატები შეირჩნენ, რომელთა დანიშვნაც კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება.
ამასთან, ელჩი იმედოვნებს, რომ ახალი სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნამდე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას სარჩელს.
“აღნიშნული სამსახურები დიდი დატვირთვის მქონეა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით მაშინ, როცა დღეს ვსაუბრობთ პირადი მონაცემების დაცვაზე, როცა ონლაინ არის ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია განთავსებული.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელმძღვანელებად შერჩეული იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთაც აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნება ეს პროცესი ნაჩქარევად წარმართული.
ასევე, მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილების 6-წლიანი ვადიდან 3 აქვს დარჩენილი. მისი ან მოადგილეების მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტში თუ სადმე სხვაგან პრეტენზიები არ ყოფილა.
ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას და ახალი კანდიდატების დანიშვნა არ მოხდება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადაწვეტილება გამოიტანოს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეარჩიეს – ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე.
მთავრობის მეთაური საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს.