ახალი ამბები

ნათელაშვილმა დაასახელა ინიციატივა, რასაც პარლამენტში შესვლის შემთხვევაში დააყენებდა

7 თებერვალი, 2022 • 1430
ნათელაშვილმა დაასახელა ინიციატივა, რასაც პარლამენტში შესვლის შემთხვევაში დააყენებდა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მას სურს “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის “დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის” შექმნა. ამის შესახებ მან დღეს, 7 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გამოეხმაურა კომიტეტის მიერ მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მხარდაჭერას.

“ისე იქნება თუ ასე იქნება, ლეიბორისტული პარტია და პირადად მე ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავდგამ დიდ ქვას, რომ იქიდან არასდროს, პატარა ბიძინებიც აღარ ამოძვრნენ და საქართველოს მომავალი არ გაამრუდონ. ამას ვპირდები აქედან ოლიგარქს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პირველი საკითხი, რაც იქნება ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის გასაგონად ნათქვამი, არის ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა…

თქვენ გახსოვთ, რომ გასული წლის 17 ივლისს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, 7 თვე სხდომებს ვაცდენდი იმიტომ, რომ ბოიკოტზე ვიყავი. ახლა გაახსენდა, რომ შეიძლება ეს არასაპატიო ყოფილიყო. ამიხსნას ვინმემ, ის თუ იყო საპატიო, ეს რატომ არის არასაპატიო. ან ეს თუ იყო საპატიო, ის რატომ იყო არასაპატიო. ანუ, თავისსავე იურიდიულ აბსურდში გაებნენ და იმ აბსურდში მოუწევთ უკანასკნელი დღეების გატარება”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე კომიტეტმა დღეს, 7 თებერვალს, იმსჯელა.

კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

მასალების გადაბეჭდვის წესი