ახალი ამბები

ლუკაშენკო უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვას არ გამორიცხავს

7 თებერვალი, 2022 • 1575
ლუკაშენკო უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვას არ გამორიცხავს

პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, თუ უკრაინა დაიწყებს ომს ბელარუსის ან რუსეთის წინააღმდეგ, ბელარუსი იომებს, ასევე, უკრაინას შეუწყვეტენ საწვავით და ელეტროენერგიით მომარაგებას.

ხოლო კითხვაზე, როგორ მოიქცევა ბელარუსის არმია, თუ [უკრაინელები] დაიწყებენ ომს დონბასის წინააღმდეგ, ლუკაშენკომ უპასუხა:

„ზუსტად ისევე, როგორც რუსული [არმია]“, — განაცხადა ლუკაშენკომ ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ეს იქნება ერთობლივი მოქმედება.

„რა გგონიათ, ვხუმრობთ დღეს სამხრეთ საზღვარზე?“ — იკითხა ლუკაშენკომ.

ბელარუსის სამხრეთ (უკრაინასთან) საზღვარზე თავმოყრილია რუსეთის სამხედრო ნაწილების განუსაზღვრელი რაოდენობა. ბელარუსში სამხედრო ძალების და მძიმე ტექნიკის თავმოყრის ოფიციალური მიზეზია რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „Союзная решимость — 2022“, რომელიც 10-20 თებერვალს უნდა გაიმართოს.

კითხვაზე, მიმართულია თუ არა სწავლება უკრაინის წინააღმდეგ, ლუკაშენკო პასუხობს: „თუ საჭირო გახდება, უკრაინის და ნატო-ს წინააღმდეგაც იქნება“.

ლუკაშენკოს თქმით, ასეთი საჭიროება დადგება, თუ ვინმე შეეცდება უპილოტო საფრენ აპარატზე მეტი გაუშვას ბელარუსის მიმართულებით. უკრაინის დაზვერვითმა უპოლოტო საფრენმა აპარატმა, ლუკაშენკოს თქმით, 24 იანვარს დაარღვია ბელარუსის საზღვარი.

რუსეთი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმას, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან და ბელარუსში, ამ უკანასკნელში სამხედრო წვრთნების ჩატარების საბაბით.

ანალიტიკოსებს ნაწილის აზრით, რუსული ძალების განლაგება ბელარუსში ქმნის ახალ პოტენციურ ფრონტის ხაზს უკრაინისთვის. ბელარუსიდან რუსული ჯარები ბევრად უფრო ახლოს იქნებიან უკრაინის დედაქალაქ კიევთან. აშშ-ში დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, თუ რუსეთი ბელარუსში განათავსებს შორი მოქმედების მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს, ისინი შეძლებენ კიევის მახლობლად სამიზნეებზე დარტყმას უკრაინაში შესვლის გარეშეც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის მიერ ბელარუსში ჯარების თავმოყრა ძირს უთხრის ბელარუსის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსს. არსებობს მოსაზრებაც, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ ბელაურის ტერიტორიას.

ამ თემაზე:

ბელარუსი — “მეორე ფრონტი” უკრაინის წინააღმდეგ?

მასალების გადაბეჭდვის წესი