ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვის თქმით, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას რუსეთთან შეერთება სჯობს

7 თებერვალი, 2022 • 2252
ბიბილოვის თქმით, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას რუსეთთან შეერთება სჯობს

ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რუსულ ტელეკომპანია “როსია 24” [“Россия-24”]- თან ინტერვიუში ოსი ხალხის რუსულ წიაღში შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს.

“პროგრამა “ხუთი ნაბიჯი რუსეთისკენ”, რომელიც დავაანონსეთ, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანებისთვის გარემოებების შესაქმენლად არის საჭირო. ეს ჩემი ახირება არაა, ეს ჩვენი ერის სურვილია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან. ოსები გაყოფილი არიან და ეს პრობლემა გადასაჭრელია. ბევრი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ დამოუკიდებლობაზე მეტად მნიშვნელოვანია ეთნოსის ერთიანობაა, ერთიანი ტრადიციები, ადათ-წესები, ენა”, – ამბობს ბიბილოვი.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთი რუსეთის იმპერიიდან დამოუკიდებლად არ გამოსულა. ამასთან, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 99,9%-მა მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირში დარჩენას.

ბიბილოვის განცხადებითვე, ამჟამად რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან საინტეგრაციო პროცესების გაღრმავებასა და სხვადსხვა სფეროში შეთანხმებების გაფორმებას.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე ბიბილოვი პერიოდულად საუბრობს.

სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც აფხაზეთი, რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი