ახალი ამბები

“წმინდა წყვდიადი”: Le Figaro-ს რეცენზია ლევან ბერძენიშვილის წიგნზე, რომელსაც ფრანგულად გამოსცემენ

6 თებერვალი, 2022 • 2001
“წმინდა წყვდიადი”: Le Figaro-ს რეცენზია ლევან ბერძენიშვილის წიგნზე, რომელსაც ფრანგულად გამოსცემენ

ფრანგულ გაზეთში “Le Figaro” ქართველი ფილოლოგისა და პოლიტიკოსის, ლევან ბერძენიშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნზე რეცენზია გამოქვეყნდა. საუბარია 2010 წელს გამოცემულ წიგნზე “წმინდა წყვდიადი”, რომლის ფრანგული თარგმანის პრეზენტაციაც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, 10 თებერვალს არის დაგეგმილი.

“წმინდა წყვდიადის” ფრანგული თარგმანი, რომელსაც გამომცემლობა “Noir sur Blanc” გამოსცემს, მაია ვარსიმაშვილი-რაფაელსა და იზაბელ რიბადო დიუმას ეკუთვნით.

პრეზენტაციამდე, “Le Figaro”-მ მკითხველს წიგნის რეცენზია შესთავაზა, სათაურით “კლოუნი გულაგში”. ჟურნალისტი ასტრიდ ლარმინა წერს:

“მთელი გულით გეცინებოდეს, როდესაც გულაგის პატიმრის ნაწერს კითხულობ? წარმოუდგენელია, უზნეოა! და მაინც, სწორედ ასეთ ეფექტს ახდენს 68 წლის ქართველის, ბერძნული და ლათინური ლიტერატურის სპეციალისტის, საფრანგეთზე შეყვარებული და თავისი ქვეყნის პოლიტიკაში ჩართული ლევან ბერძენიშვილის „წმინდა წყვდიადი“.

25 წლის ასაკში, ბრეჟნევის ეპოქაში, თავის უმცროს ძმასთან ერთად შექმნა საქართველოს პირველი იატაკქვეშა პოლიტიკური პარტია, რესპუბლიკური და დამოუკიდებლობის მომთხოვნი. 1983 წელს, კაგებეს საკანში გატარებული ექვსი თვის შემდეგ, იგი გადაიყვანეს მორდოვეთის გამასწორებელ ბანაკში. იგი წერს, ეს იყო, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე ჩემზე დიდი გავლენა მოუხდენიაო; გინდა, რომ დაუჯერო, იმავეს იტყოდნენ გულაგის სხვა დიდი მოწმეებიც: სოლჟენიცინი, გინზბურგი, შალამოვი… მაგრამ ის უფრო შორს მიდის. ამ ბანაკშიო, ის ამბობს, ჩემი ცხოვრების საუკეთესო სამი წელი გამიტარებია (…) კაგებეს მიერ დიდი რუდუნებით შერჩეულ ასეთ ხალხს შემდგომში ვინღა მომიგროვებდა?

საშინელი სტალინური ეპოქისგან განსხვავებით, როდესაც ნებისმიერი შეეძლოთ დაეპატიმრებინათ, კაცმა არ იცის რისთვის, 1980-იანი წლების პოლიტიკური პატიმრები ძლიერი ლიდერები იყვნენ, რომლებიც შეგნებულად ირჩევდნენ დისიდენტობას. იმდენად, რომ ბანაკმა შეკრიბა მეცნიერთა და ერუდიტთა ბრწყინვალე საზოგადოება – ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ფილოლოგები, გეოლოგები, პოეტები.დილასა და საღამოს, შრომის შემდეგ, მათ ჰქონდათ დაუსრულებელი კამათი პოლიტიკაზე, ლიტერატურაზე, კულინარიაზედაც კი – პურის ნაჭერი და ცოტა ბოსტნეული აღძრავდა მათს ოცნებას კარაქზე, შაქარსა და ხორცზე. მახვილსიტყვაობა გინებაშიც კი გადადიოდა. ქართველები, სომხები, უკრაინელები, პეტერბურგელები, მოსკოველები თუ ლიეტუველები ყველანი თავიანთ კულტურასა და საფეხბურთო კლუბებს იცავდნენ. რომ გადაეწყვიტათ უთანხმოება, თუ რომელია მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულო, რა არის პოლიტიკური პარტიის ამოცანა ან ვინ შექმნა ქართული ანბანი, ისინი მიმართავდნენ იმპროვიზებულ სოკრატულ დიალოგს. ორი პატიმარი ერთმანეთს უპირისპირდებოდა მათი მეგობრების ხმაურიანი გუნდის გულის გასახარად.

მხიარული სცენები, რომლებსაც ავტორი აღწერს პოეტური და კომიკური ხელოვნებით, გვაგონებს ამგვარ სცენებს არისტოფანესთან, რომელსაც მან თავისი დისერტაცია მიუძღვნა.

ბერძენიშვილის იუმორი არ არის მწარე და არასოდეს არაა შავი; პირიქით, ის ანათებს, ამსუბუქებს, მოგინდება თქვა, რომ ის აპატიებს. რა თქმა უნდა, საბჭოთა ადმინისტრაციის სისასტიკე და ამ მხიარული საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიდრეკილება, დაბეზღების წერილები ეწერა, როდესაც ვინმე მათიანი დაუშვებლად მიჩნეულ საქციელს ჩაიდენდა (მტრედს შეჭამდა ან იხულიგნებდა), მასში გარკვეულ სარკაზმს და ხანდახან სრულიად ქართულ მრისხანებას აღძრავს; მაგრამ მას ურჩევნია ახსოვდეს, რომ ეს ხალხი უყვარს, – ის სტალინისტიც კი, რომელიც თავის თანამოსაკნე დემოკრატებს არწმუნებდა, ჩემი ნება რომ იყოს, ყველას დაგხვრეტდითო.

სახარება, კეთილი ამბის ხარება

„ყოველთვის, როდესაც მორდოვეთი მახსენდება, წერს იგი, ავტომატურად მეცხადება ერთი და იგივე ხატი, როგორც მიქელანჯელო ანტონიონის უძრავი კამერით გადაღებული კადრი.“ თავის თავს ხედავს ერთ-ერთ თანაზონელ, პეტერბურგელ ებრაელ, ფსიქოანალიტიკოსსა და ელექტრიკოსთან ერთად. ისინი დგანან აკრძალულ ზონასთან, თითქმის ეხებიან მავთულხლართს. პირდაპირ აღმართული კოშკიდან მათ აკვირდება ჯარისკაცი, ცივა, თოვს, ბნელა, ღამდება. ავტორი იხსენებს თავის ემოციას, როდესაც მას პატივი დასდეს და წაუკითხეს ახლახან დაწერილი ლექსი. ამ თხრობას ისტორიული სისავსის პრეტენზია არ გააჩნია. ბერძენიშვილმა გადაწყვიტა, დაეწერა და დავიწყებისგან გადაერჩინა ეს ხალხი, განსაკუთრებით ვინმე არკადი, „სოფლის უწყინარი გიჟი“, დაპატიმრებული 1972 წელს იმისთვის, რომ ომის დროს გერმანული უნიფორმა ეცვა ორმოცდარვა საათის განმავლობაში. „მე რომ არ ვიყო, არკადი დაიკარგება, ვერავინ გაიგებს, რომ ის იყო ამქვეყნად, რომ მის ყოფნას აზრი ჰქონდა“, წერს ავტორი თავის საოცარ პროლოგში, რომელიც ექოდ ეხმაურება სხვა პროლოგს, წმინდა იოანესეულს. სხვათა შორის, „წმინდა წყვდიადიც“თავისებური სახარება, კეთილი ამბის ხარებაა. იგი ცხადყოფს, იუმორით, რომელიც სულიერი ხელოვნებაა, რომ „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია”.

*რეცენზია ფრანგულიდან თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი