ახალი ამბები

რაგბის კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

4 თებერვალი, 2022 •
რაგბის კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

ცნობილი სპორტული კომენტატორი და რაგბიზე არაერთი წიგნისა თუ სტატიის ავტორი ზაალ გიგინეიშვილი 60 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რაგბის კავშირი ავრცელებს.

“გიგინეიშვილის მიმოხილვები თავიდანვე განსხვავდებოდა საბჭოური მიდგომებისგან. მისი საპროგრამო სტატია – „რაგბი – გზა წინსვლისა“ და წერილი – „რაგბი, მორაგბე, სარაგბო…“, ჯერ კიდევ 1989 წელს დაიბეჭდა „ლელოში“ და აქედან დაიწყო ქართული სარაგბო ტერმინოლოგიის დანერგვა, რომელიც წლიდან წლამდე ზაალისვე მეშვეობით იხვეწებოდა.

ზაალ გიგინეიშვილმა 7-ჯერ გამოსცა „რაგბის წესები“ და მუდმივად ახდენდა მის განახლებას. ის არის ქართული რაგბის ისტორიულ-სტატისტიკური წიგნის – „ქართული რაგბის მატიანეს“ ავტორი, რომელიც ქართული რაგბის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა და რაგბის თემატიკაზე შექმნილი არაერთი წიგნის ავტორი.

ის იყო უდიდესი სტატისტიკოსი, ადამიანი, რომელიც ყველა წვრილმანს ბოლომდე ეძიებოდა, ათასჯერ ამოწმებდა, ასწორებდა და დღემდე მოგვიტანა ისეთი წვრილმანი, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლის გარეშეც ქართული რაგბის ისტორია ასეთი მრავალფეროვანი არ იქნებოდა”, – აცხადებს რაგბის კავშირი.

“რაგბის ქომაგმა კი ზაალ გიგინეიშვილი ტელე-რეპორტაჟებიდან გაიცნო – წაყვანის მისეული მანერით და ხმით. სწორედ მისი რეპორტაჟების წყალობით ისწავლა გულშემატკივარმა რაგბის წესების საფუძვლები და დღეს რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“, ამაში ზაალ გიგინეიშვილის წვლილი ფასდაუდებელია”.

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა, ქართული ენის სიწმინდის, მისი განვითარებისა და სრულყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ზაალ გიგინეიშვილი „დედაენის დღის“ 40 წლის იუბილეზე მედლით დააჯილდოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი