ოპოზიციური პარტიების ნაწილი მხარს უჭერს, რომ საქართველო ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ახალი ალიანსის წევრი იყოს. ამის შესახებ „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „დროას“ ლიდერებმა დღეს, 4 თებერვალს, კიევში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, არსებობს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანი უნდა იყოს და დღეს სწორედ ის მომენტია, როცა საქართველოს არჩევანი ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს.
„დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტია ვიმყოფებით კიევში, რათა ერთობლივად დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და გამოვხატოთ პატივისცემა ჩვენი მოძმე ქვეყნისა და ხალხის მიმართ. მძიმე დღეებია უკრაინაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპოზიციური სპექტრი წარმოადგენს ჩვენი ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და ჩვენ აქ ვიმყოფებით უკრაინელ ხალხთან ერთად.
ასევე მინდა დავაფიქსირო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რასაც ჩვენი ოპოზიციური სპექტრი მხარს უჭერს. ეს არის სამთა ალიანსი – ბრიტანეთის, უკრაინის და პოლონეთის, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა იღებდეს მონაწილეობას და იყოს სრულფასოვანი წევრი და სწორედ ამ ინიციატივის დაფიქსირებას ვაპირებთ დღეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციები პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან.
ამასთან, დეკანოიძე საუბრობს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – უკრიანა-მოლდოვა-საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების გააქტიურების საჭიროებაზე.
„მე მინდა გავაჟღერო კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც შეეხება ასოცირებული ტრიოს ფორმატში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების გააქტიურებას. ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს ინიციატივა ჩვენც გადმოგვცეს და გვთხოვეს, რომ კიდევ უფრო აქტიური ვიყოთ ამასთან მიმართებაში. ნამდვილად გაუგებარია, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ შეიკრიბა ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამთა კავშირის საპარლამენტო წარმომადგენლები.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციები ჩვენს ბრიტანელ, პოლონელ პარტნიორებთან. ასევე დაუყოვნებლივ მოვუწოდებ, მოვიწვიოთ და ჩავრთოთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წარმომადგენლობა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები იყოს სინქრონში. იმიტომ, რომ ეს თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს კიევში საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ბედიც წყდება და ხელისუფლება მიმდინარე პროცესებიდან „ამოვარდნილია“.
„აქ[კიევში] არის მსოფლიოს ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნის ლიდერების კონცენტრირება და პრაქტიკულად იჭედება ჩვენი რეგიონის რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა.
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად ამოვარდნილი ამ პროცესიდან. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ერთიანობის არსი კრიზისულ ვითარებაში და ოპოზიცია აქ ჩამოვედით სოლიდარობისთვის, მაგრამ აქედან მივდივართ ძალიან კონკრეტული წინადადებებით, როგორ უნდა ჩაერთოს და რა ფორმატებში საქართველო, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან.
ჩვენ ვაპირებთ, რომ შემდგომი ნაბიჯები… უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, ბალტიელ, პოლონელ, დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ ალიანსი შექმნეს. ახალი ფორმატის შექმნა ემთხვევა უკრაინის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან, გაერთაინებული სამეფო და პოლონეთი არიან ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას სამხედრო შეიარაღებით ეხმარებიან.
რაც შეეხება ახალი ალიანსის მიმართ საქართველოს პოზიციას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ ალიანსის შექმნა საინტერესო ინიციატივაა.
სამხარაძის თქმით, დაინტერესდება თუ არა საქართველო აღნიშნული ალიანსის წევრობით, ამაზე ალიანსის შესახებ დეტალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებენ.
როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ჯერჯერობით ალიანსთან დაკავშირებით საქართველოდან კომუნიკაცია არ ყოფილა. სამხარაძის თქმით, პირველად ალიანსის შესახებ მომავალ კვირას ლონდონში ისაუბრებენ, სადაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი.