ახალი ამბები

პარიკმახერი შემოუშვეს 1 დღეში და 5 კვირაა პირად ექიმს არ უშვებენ – სააკაშვილი

4 თებერვალი, 2022 •
პარიკმახერი შემოუშვეს 1 დღეში და 5 კვირაა პირად ექიმს არ უშვებენ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ მასთან ექიმები შეუშვან. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, 4 თებერვალს, სასამართლოში განაცხადა, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი იმართება.

სააკაშვილის თქმით, 5 კვირაა მასთან პირად ექიმს არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე წერს განცხადებას, თუმცა მოთხოვნისთანავე მასთან შეუშვეს სტილისტი.

„მე მინდა, მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან! ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ნიუ იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე ყოველდღე წერს განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან. პარიკმახერი შემოუშვეს 1 დღეში. ივანიშვილის ბრძანებით, 5 კვირაა ჩემთან ექიმებს არ უშვებენ. ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძლიერი სისუსტე, პირველად ცხოვრებაში მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები.

მინდა მივმრართო ივანიშვილს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. რამდენჯერმა მქონდა გონების კარგვა და ეს ხდება შენი მითითებით. ვერსად ვერ დაუძვრები, ოლიგარქო, ვერავის ვერ გადააბრალებ, ყველანი შენკენ გამოიშვერენ ხელს. ეს იქნება ან სიკვდილი, ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ არ იქნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, დამთავრდება ლეტალური შედეგით. მინდა შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვიმა ივანიშვილს მიმართა, რომ გარანტიას აძლევს, თუ მასთან ექიმებს ახლა არ შეუშვებენ, „ყველა სხვა შემთხვევაში ეს ივანიშვილისთვის ცუდად დამთავრდება“.

დღესვე სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს, რომ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს სააკაშვილთან ექიმების შეშვება დაავალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი