გერმანიაში Russia Today-ს აკრძალვის საპასუხოდ, რუსეთი „დოიჩე ველეს“ ხურავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის საპასუხო ზომები ითვალისწინებს ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს რუსეთის ფილიალის დახურვას; რუსული ბიუროს თანამშრომლების აკრედიტაციის გაუქმებას; რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე Deutsche Welle-ს თანამგზავრული და სხვა ტიპის მაუწყებლობის აკრძალვას.
რუსეთი ასევე განიხილავს Deutsche Welle-ს უცხო ქვეყნის აგენტად აღიარებას და RT DE-ს მაუწყებლობის შეზღუდვაში მონაწილე გერმანიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. სიის გამოქვეყნება არ იგეგმება.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არის მოსკოვის საპასუხო ზომების მხოლოდ ერთი ნაწილი.
გერმანიამ RT DE-ს (Russia Today-ის გერმანულენოვანი მაუწყებლობა) მაუწყებლობა შეაჩერა.
გერმანიის ლიცენზირებისა და ზედამხედველობის კომისიამ (ZAK) განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო მაუწყებელმა RT-მ უნდა შეწყვიტოს გერმანულენოვანი პროგრამების ტრანსლირება გერმანიაში „აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზიის არქონის გამო“.
RT DE-მ მაუწყებლობა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო, აცხადებდა რა, რომ ჰქონდა საკაბელო და სატელიტური გადაცემის სერბული ლიცენზია, რომელიც გერმანიაში მაუწყებლობის უფლებას აძლევდა. გერმანიის მარეგულირებლებმა ერთ კვირის განმავლობაში ჩახსნეს RT DE ევროპის სატელიტური ქსელიდან, თუმცა ის კვლავ ხელმისაწვდომი იყო ონლაინ და მობილური აპლიკაციის საშუალებით. 2 თებერვალს ZAK-მა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული სერვისებიც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
რუსეთი საპასუხო ზომებით ემუქრება გერმანიას RT-ის აკრძალვის გამო