ახალი ამბები

წლიური ინფლაცია იანვარში 13.9%-ია – საქსტატი

3 თებერვალი, 2022 • 1544
წლიური ინფლაცია იანვარში 13.9%-ია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა, თვიური ინფლაციის დონემ კი – 1.1 პროცენტი.

2021 წლის აგვისტოს თვის შემდეგ საქართველოში წლიური ინფლაცია მუდმივად აღემატება 12%-ს, როდესაც ეროვნული ბანკის სამიზნე მონაცემი 3%-ს შეადგენს.

დიაგრამა ასახავს წლიურ ინფლაციას 2010 წლიდან დღემდე; წყარო: საქსტატი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 16.2 პროცენტით გაძვირდა, ტრანსპორტი – 16.2 პროცენტით, ხოლო კომუნალური ხარჯები (საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი) 44.8 პროცენტით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა შემდეგ სასურსათო პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3 პროცენტი),
  • პური და პურპროდუქტები (20.5 პროცენტი),
  • ზეთი და ცხიმი (19.6 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური
    წვენები (18.3 პროცენტი),
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2 პროცენტი),
  • თევზეული (16.6 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი),
  • ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9 პროცენტი),
  • ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი);

რა გავლენა აქვს ინფლაციის დონეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია. ეს ნიშნავს, რომ იანვრის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე 10.9%-ით მეტია, ვიდრე სასურველი ნიშნული.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. რამდენიმე თვეა, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 10.5 პროცენტი აქვს დადგენილი.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 2020 წლის 5 აგვისტოს 0.25 ერთეულით შემცირდა და 8.0 პროცენტს მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ განაკვეთი ან იზრდება, ან უცვლელი რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს.

ამასთან, თუ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის ტენდენცია გაგრძელდება, მნიშვნელოვნად გაუფასურდება საპენსიო ფონდში დაგროვებული მოქალაქეთა ფული.

ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მოქალაქეთა სიბერის უზრუნველსაყოფად გადადებულ თანხას წლების შემდეგ დაბალი მსყიდველუნარიანობა ექნება.

გირჩევთ, ვრცლად გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიებს:

მასალების გადაბეჭდვის წესი