ახალი ამბები

სალომე სამადაშვილი „ლელოს“ პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა

2 თებერვალი, 2022 • 1281
სალომე სამადაშვილი „ლელოს“ პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა

სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ შეუერთდა და პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ დღეს, 2 თებერვალს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

აქამდე სამადაშვილი საპარლამენტო ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.

სამადაშვილის თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული „მოჯადოებული წრე გაირღვეს“ და ხალხს ახალი პოლიტიკური პერსპექტივა შესთავაზონ.

„პოლიტიკაში ჩვენ ვართ გარკვეული ღირებულებებისთვის. პირველი ეს ღირებულება ჩემთვის არის ჩვენი ქვეყანა და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება და ამიტომ მიმაჩნია მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად. მეორე მთავარი ღირებულება პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემთვის არის თავისუფლების დაცვა, იმ თავისუფლების, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ არის თავისუფლებისთვის გაერთიანება, თავისუფალი ადამიანების გაერთიანება და ამით არის ჩემთვის საინტერესო.

მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ეს არის წარმატების შექმნა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. „ლელო“, ეს არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელასაც აქვს უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებული და ქვეყანაც იყოს წარმატებული. ამიტომ გადავწყვიტე დავუკავშირო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა „ლელოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილი პარლამენტში ენმ-ის სიით მოხვდა. თუმცა 2021 წლის მაისში პარტია ოფიციალურად დატოვა. მანამდე კი შარლმ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, პარლამენტში შევიდა და „ლელოს“ ფრაქციას შეუერთდა.

სწორედ სამადაშვილი იყო ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში ენმ-ის ერთ-ერთი მომლაპარაკებელი. როგორც სამადაშვილი ამბობდა, უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიაჩნდა ის, რომ პარტიამ 19 აპრილს ხელი არ მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს, რამაც მისი და ენმ-ს თანამშრომლობა შეუძლებელი გახადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი