ახალი ამბები

ანაკლია მოვინახულე და გული მეტკინა, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა — დეგნანი

1 თებერვალი, 2022 • 2399
ანაკლია მოვინახულე და გული მეტკინა, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა — დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის თქმით, წელს ანაკლიის პორტში უკვე გემები უნდა მოძრაობდნენ და სამწუხაროა ამ პროექტის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სირთულეებში გახვევა.

როგორც კელი დეგნანმა “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის” (EPRC) ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, ანაკლიის პორტისთვის განკუთვნილი ადგილი ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის შემდეგ მოინახულა.

„ფოთის შემდეგ ანაკლია მოვინახულე და უბრალოდ გული მეტკინა, რადგან წელს პორტში გემები უნდა შედიოდნენ და გამოდიოდნენ, ის უნდა ყოფილიყო ღია ბიზნესისთვის. წელს შეიძლებოდა, რომ პროექტი გაგრძელებულიყო ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ვფიქრობ, ეს მართლაც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა“, — განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის ნორმალიზების შემდეგ რეგიონში ახალი შესაძლებლობები იქმნება და საქართველოს შეეძლო, ბევრი რამ დაედო მაგიდაზე ანაკლიის პორტით. ის იმედოვნებს, რომ ოდესმე ფოთის და ბათუმის პორტებს ანაკლიაც დაემატება.

„ახლა საქართველოს აქვს გეგმები ქაღალდზე. ვფიქრობ, თუ ინვესტორები დააპირებენ შემოსვლას, მათ უნდა დავინახოთ, რომ მთავრობა 100%-ით დგას ამ პროექტის უკან. [ფოთის] პორტის ტერმინალის გახსნაზე ითქვა, რომ თქვენ არ ელოდებით ტვირთის მოსვლას პორტის აშენებამდე, ჯერ აგებთ პორტს და მერე ტვირთი მოდის. ასე რომ, ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მხარს უჭერს იმ იდეას, რომ ფოთი, ანაკლია და ბათუმი სხვადასხვა საჭიროებებს მოემსახუროს, მაგრამ წაახალისოს შავი ზღვის, როგორც კომერციული ცენტრის ხედვა. პრემიერ-მინისტრმა პორტის გახსნაზე ახსენა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჰაბის ხედვა არა მხოლოდ პორტებისთვის, არამედ სხვადასხვა სახის კავშირისთვის ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების გადასატანად, მაგრამ სიტყვებზე მეტი უნდა გქონდეს. თქვენ უნდა გქონდეთ სტრატეგიული გეგმები და შეგეძლოთ ამის გაყიდვა კარგ ინვესტორებზე“, — განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სირთულეებში გახვევით საქართველო ჩამორჩა იმ მრუდს, რომელსაც უნდა მიუყვებოდესქვეყანა რეგიონალური სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში.

„მთავრობა ახლა ცდილობს დაბრუნდეს ბილიკზე ყველა ამ ინიციატივით, მაგრამ ძალისხმევა უნდა იყოს რეალური“, — დასძინა დეგნანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი