ახალი ამბები

“ჩვენ უნდა ვნახოთ რეფორმები” – ევროკომისარი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს

1 თებერვალი, 2022 • 1367
“ჩვენ უნდა ვნახოთ რეფორმები” – ევროკომისარი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირის დახმარების და თანამშრომლობის გაღრმავების ფასი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის არის რეფორმების გატარება კანონის უზენაესობის მიმართულებით, ორგანიზებულ კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლა.

ამის შესახებ ვარჰეიმ European Party Monitor-ის მე-3 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც ისაუბრეს ევროკავშირის პოლიტიკაზე დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ.
ვარჰეის თქმით, როცა საუბარია ევროკავშირის გაფართოების მოკლევადიან პერსპექტივაზე, იგულისხმება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება და არა — აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების.

„თუმცა [აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები] ისურვებდნენ გაფართოებაზე, ევროპულ პესპექტივაზე საუბარს, მაგრამ ჩვენ ჯერ იქ არ ვართ“, — თქვა ვარჰეიმ.

მისი თქმით, ევროკავშირის დღის წესრიგი აღმოსავლეთ პარნტიორობის ქვეყნებს სთავაზობს აღდგენას და მედეგობას რეფორმების გზით.

„ჩვენ უნდა ვნახოთ რეფორმები, იმიტომ, რომ თქვენ ვერ ააშენებთ ძლიერ ეკონომიკას და ძლიერ საზოგადოებას სათანადო საინვესტიციო გარემოს გარეშე, ფუნქციონირებადი ინსტიტუტების გარეშე, სასამართლო სისტემის გარეშე, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის გარეშე. ესენი არიან ინსტიტუციონალური გარანტიები, რომლებიც საჭიროა ამ ქვეყნებისთვის“, — თქვა ვარჰეიმ და დასძინა, რომ უკეთესი მმართველობა ასევე გააძლიერებს მედეგობას უსაფრთხოების გამოწვევებისადმი.

ასოცირებული ტრიოს ფორმატთან დაკავშირებით ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა სექტორული თანამშრომლობისთვის. ასევე, ჯერ კიდე უდიდესი პოტენციალი აქვს დარჩენილი ასოცირების შეთანხმებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი