ახალი ამბები

რა შედეგები აჩვენა საქართველოში ომიკრონზე დაკვირვებამ – გამყრელიძის განმარტება

1 თებერვალი, 2022 • 4614
რა შედეგები აჩვენა საქართველოში ომიკრონზე დაკვირვებამ – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარადგინა ომიკრონის 1 184 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების შესწავლის შედეგები.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ლაბორატორიულად 1 794 ომიკრონის შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 184 დეტალურად არის შესწავლილი. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების 90-95% ომიკრონის შტამია.

გამყრელიძის თანახამად, დეტალურად შესწავლილი შემთხვევებიდან 50% ორჯერადად იყო აცრილი და მათთან ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდა. კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზა კი 1 184 შემთხვევიდან მხოლოდ 50-ს ჰქონდა გაკეთებული. გამყრელიძის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვისაც ბუსტერი აქვს გაკეთებული, შედარებით იშვიათად ინფიცირდებიან და ინფექციაც “მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად”.

ამასთან, შესწავლილი შემთხვევების 14% რეინფიცირებაა. “ანუ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა დელტა, შემდეგ დაუდასტურდა ომიკრონი”, – განმარტა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს, NCDC-ის დირექტორის თქმით, 1 184 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია 38 ადამიანს დასჭირდა და გარდაიცვალა 3 მათგანი.

“ანუ ომიკრონზე სერიოზულად არის დაკლებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დელტასთან შედარებით. დელტას დროს ჩვენ ჰოსპიტალიზაცია გვქონდა 12-15 და გარკვეულ შემთხვევებში, 20 პროცენტი. ომიკრონთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი ჩამოსულია დაახლეობით 3.7%-მდე.

1 184 შემთხვევიდან გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იანვრის განმავლობაში ან დეკემბრის მეორე ნახევარში ომიკრონისგან მხოლოდ 3 ადამიანი გარდაიცვალა. იმიტომ, რომ ეს გახლავთ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებზე, მაგრამ, რადგან დღეს ძირითადი შტამი, რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს, 90-95%-ში ომირკონია, რა თქმა უნდა, გართულებაც და, შესაბამისად, ლეტალობაც ომიკრონზე მაღალია. მაგრამ ხაზს ვუსვამ, ის დაახლოებით 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო დელტასთან მიმართებაში”, – განმარტა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი