ახალი ამბები

დავითულიანი: წალენჯიხის რეზოლუციებით გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით

1 თებერვალი, 2022 • 778
დავითულიანი: წალენჯიხის რეზოლუციებით გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ “გარკვეული სახელმწიფოების” მხრიდან ძალთა ბალანსის ცვლილების და გადანაწილების მცდელობაში უკრაინა მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ყველას კარგად გვაქვს გასააზრებელი, რომ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების მცდელობაა გარკვეული სახელმწიფოების მხრიდან და უკრაინა არ არის ამ გადანაწილების და ძალთა ბალანსის ცვლილების მთავარი მიზანი. უკრაინა არის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დიდი გეოპოლიტიკის. აქ, ჩვენი აზრით, მთავარი ფაქტორი არის უკრაინის და მშვიდობის მხარდაჭერა. ოპოზიციის აზრით, მეჩვენებება, რომ ეს არის ერთგვარად ომში შანსის დანახვა. თითქოს კონფლიქტის გამწვავებაში რაღაც გამოსავალს ხედავენ და ჰგონიათ, რომ ამით უკეთ დალაგდება უკრაინის, რეგიონის და ჩვენი ინტერესები. მე არ მგონია, ასე იყოს და ამას უკანასკნელი წლების მარტივი გამოცდილება გვაჩვენებს: არც აგვისტოს ომის ცხელ ფაზაში გადასვლამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას კარგი შედეგები (ის ომი ნამდვილად წავაგეთ და არ მოგვიგია, როგორც ამას ვიღაცები გვაზეიმებდნენ); არც ახლო აღმოსავლეთის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ცხელი კონფლიქტები რუსეთისთვის სავალალოდ და თავისუფალი სამყაროსთვის საკეთილდღეოდ დასრულდა; არც უკრაინის უკვე არსებული კონფლიქტი, რომელიც დღესდღეობით შენელებულია, დასრულებულა უკრაინის სასარგებლოდ და არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ სხვა კონფლიქტები მაინცდამაინც უკრაინის და ჩვენი რეგიონის სასარგებლოდ დასრულდება“, — განაცხადა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას განიხილავენ.

ოპოზიცია აკრიტიკებს “ქართულ ოცნებას” იმის გამო, რომ ტექსტში რუსეთი ნახსენები არ არის. დავითულიანის თქმით, ვერ ხედავს ლოგიკას, “რა საჭიროა და რატომ ვხდით სადავოს კონფლიქტის გამწვავება-არგამწვავების საკითხს და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება რატომაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდამჭერის”.

“რუსეთს ჩავწერთ იმ რეზოლუციაში თუ არა, არ გვაქვს ილუზია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით ეს რამეს შეცვლის ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, თუმცა აქ გადის ის წყალგამყოფი, ვინ რას ვემხრობით. ჩვენ ვემხრობით მშვიდობას, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას, მაქსიმალურ სიფრთხილეს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვცალდეს და შევძლოთ ამ მიზნების მიღწევა. თქვენ პირიქით გგონიათ, რომ ამ მკაფიო ნაბიჯებით და კონფლიქტის შესაძლო გამწვავებით რაღაც შანსი გაჩნდეს. გამოცდილება გავჩვენებს, რომ არ ჩნდება. მე მგონი, ჩვენი მომავლის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიყოთ ფრთხილები, გონივრულები და რაღაც ურაპატრიოტული გამოხტომებით მიზანს ვერ ვაღწევთ და წალენჯიხის რეზოლუციებით რომ გეოპოლიტიკას მსოფლიოში ვერ შევცვლით, მე მგონი, უნდა გავიაზროთ”, — დასძინა დავითულიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი