ახალი ამბები

ირლანდიელ მეთევზეთა პროტესტის შემდეგ, რუსეთი სამხედრო წვრთნების არეალს ცვლის

31 იანვარი, 2022 • 1200
ირლანდიელ მეთევზეთა პროტესტის შემდეგ, რუსეთი სამხედრო წვრთნების არეალს ცვლის

ირლანდიელი მეთევზეების უკმაყოფილებისა და პოლიტიკოსების ჩარევის შემდეგ, რუსეთმა გადაწყვიტა, სამხედრო წვრთნები ირლანდიის სანაპიროდან მოშორებით ჩაატაროს. დუბლინში რუსეთის ელჩის თქმით, გადაწყვეტილება “კეთილგანწყობის ჟესტია”.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, რუსი კოლეგისგან მიიღო შეტყობინება, რომ წვრთნები ირლანდიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ ჩატარდება. საიმონ კოვენი ხსენებულ გადაწყვეტილებას მიესალმა.

რუსული გემების ჩართულობით სამხედრო წვრთნა თებერვალშია დაგეგმილი. არეალს, სადაც თავდაპირველად იგეგმებოდა წვრთნების ჩატარება, ირლანდიელი მეთევზეები სათევზაოდ იყენებენ. სწორედ მათი პროტესტის შემდეგ მიიქცია საკითხმა მსოფლიო მედიის ყურადღება.

ირლანდიის სამხრეთისა და დასავლეთის თევზის მწარმოებელთა ორგანიზაციაში წვრთნების პროცესისთვის მშვიდობიანად ხელშეშლის გეგმებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ პროცესი საფრთხეს შეუქმნიდა შესაბამის არეალს, რომელიც საარსებო წყაროა მეთევზეებისთვის. ორგანიზაციაში ასევე ამბობდნენ, რომ სურდათ, დაეცვათ ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება.

“მათ [რუსულ მხარეს] ავუხსენით, რომ ჩვენს ტრადიციულ სათევზაო ადგილებში ვითევზავებთ და თუ ეს გავლენას მოახდენს წვრთნებზე, ეს ჩაითვლება მშვიდობიან პროტესტად”, — დასძინა ორგანიზაციის  დირექტოემა პატრიკ მერფი რუსეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

რუსული მხარე აღნიშნულ პათოსს არ იზიარებდა და საკითხის გარშემო მიმდინარე კამათს “უზომოდ გადაჭარბებულად” აფასებდა, ირლანდიის მთავრობაში კი აცხადებდნენ, რომ პროცესს არ მიესალმებოდნენ, თუმცა არ ჰქონდათ ბერკეტები მოსკოვის შესაჩერებლად.

საბოლოოდ, რუსეთმა თავდაპირველი პოზიცია შეცვალა. ირლანდიაში რუსეთის ელჩის, იური ფილატოვის თქმით, წვრთნების ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება მიღეს როგორც “კეთილგანწყობის ჟესტი”, რათა არ შეფერხდეს თევზაობის პროცესი ტრადიციულ თევზსაჭერ ადგილებში.

მიზნის მიღწევის შემდეგ, თევზის მწარმოებელთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ “სიტყვის ძალა გაცილებით უკეთესია, ვიდრე იარაღისა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი