ახალი ამბები

ნატო ჩხეიძე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს ითხოვს

31 იანვარი, 2022 • 1330
ნატო ჩხეიძე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს ითხოვს.

აღნიშნული ინიციატივით დეპუტატმა პარლამენტს მიმართა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. თუმცა პარლამენტის ბიურომ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა არ დაუკმაყოფილა და მას ჩვეულებრივი წესით განიხილავს შესაბამისი კომიტეტი.

„ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პირველივე მუხლის პირველივე პუნქტში წერია, რომ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო, ეს არის 1991 წლის აპრილის აქტის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას მერე ჩვენს ქვეყანაში ტრაგედიები მოხდა და არც არაფერი აღნიშნულა, ხოლო 1995 წლიდან, კონსტიტუციის მიღების დღიდან, მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარნაძის მიერ გარკვეული ისტორიკოსების ფალსიფიკაციური ახსნების საფუძველზე დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი დაინიშნა და არა 9 აპრილი და 9 აპრილი შერჩა როგორც გლოვის დღე.

26 მაისი, მოგეხსენებათ, წინა საუკუნეში, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი 3-წლიანი სახელმწიფოს დაარსების დღე იყო, რომელიც 3 წლის შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს დასრულდა“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

რაც შეეხება 26 მაისს, ნატო ჩხეიძის ინიციატივით, ამ დღეს უნდა შეეცვალოს სახელწოდება და პრეზიდენტის დღე დაერქვას.

„მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში ზვიად გამსახურდიას სახელი ნელ-ნელა უბრუნდება იმ რეალობას, რა ღვაწლიც მას ჰქონდა ქვეყნის შექმნაში, ვფიქრობ, უკვე დროა, შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რომელიც შესაბამისობაში არაა კონსტიტუციასთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. 9 აპრილი იყოს დამოუკიდებლობის დღე, ხოლო 26 მაისი, რომლის აღნიშვნასაც ამდენი ხანი ასე შევეჩვიეთ, მას შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას პრეზიდენტის დღე“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი