დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] ინფორმაციით, სექტემბერ-დეკემბერში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, გამოააშკარავეს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გავრცელებული ანტიდასავლური და ანტივაქსერული შინაარსის შემცველი 865 შემთხვევა.

ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი შინაარსის მანიპულაციური და დეზინფორმაციული ნარატივის მატარებელი პოსტები სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ვრცელდებოდა.

DRI განმარტავს, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და აქტივისტები, ზვიად ტომარაძე და ბექა ვარდოსანიძე, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ანტივაქსერულ კამპანიას აქტიურად აწარმოებდნენ. სწორედ მათი ორგანიზებით საქართველოში კოვიდ რეგულაციების და “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქციაც ჩატარდა.

ამასთან, ანტივაქსერული კამპანიის ფარგლებში ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მასალებს. “ქართული იდეის” ლიდერმა, ლევან ჩაცუამ კი საზოგადოებას იმ “პოლიტიკურ ელიტაზე” უარის თქმისკენ მოუწოდა, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციის დააკანონებდა.

“ზვიად ტომარაძემ „კოვიდტერორად“ შეაფასა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მოსწავლეებისთვის პირბადის ტარების ვალდებულებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, პირბადის ტარება უფუნქციოა და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სწორედ პირბადეა ერთადერთი გარანტი ვირუსისგან თავდასაცავად. აღნიშნული დეზინფორმაცია ასევე გაავრცელეს ულტრამემარჯვენე მედიაპლატფორმებმა „ალტ-ინფომ“ და „ობიექტივმა“”, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

რაც შეეხება ანტიდასავლურ კამპანიას, ორგანიზაციის ცნობით, ანტიდასავლური და ანტილიბერალური დისკურსის ფარგლებში ულტრამემარჯვენე ჯგუფების სამიზნე აღმოჩნდნენ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი – კარლ ჰარცელი და სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია.

“2021 წლის 24 დეკემბერს „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა საპროტესტო აქცია გამართეს 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმაში ბრალდებული თანამოაზრეების გათავისუფლების მოთხოვნით. პარტიის ლიდერებმა, ზურა მახარაძემ და კონსტანტინე მორგოშიამ სოციალური ქსელები გამოიყენეს მხარდამჭერთა მობილიზაციისთვის და 20 დეკემბერს გაავრცელეს ვიდეომიმართვები, სადაც საზოგადოებას მოუწოდეს, სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა.

21 დეკემბერს „ალტ ინფოსთან“ დაკავშირებულ ფეისბუქ გვერდზე „ტრადიციონალისტური პლატფორმა“ ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები „ლიბერალიზმი მოკვდა.“ ვიდეოში „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერები მოუწოდებენ თანამოაზრეებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ და პროტესტის ნიშნად წვავენ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებს და ვახო სანაიას, ინგა გრიგოლიას, ნიკა გვარამიას და გიორგი თაბაგარის ფოტოებს. „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერები სწორედ მათ სდებენ ბრალს 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზებაში.

ვიდეომასალა ვირუსულად გავრცელდა ფეისბუქ-გვერდებზე: „ქართველი კონსერვატორები“ და „ლევან ვასაძის მხარდამჭერები“. ანტიდასავლური და ანტილიბერალური რიტორიკა შენარჩუნდა უშუალოდ აქციის დღესაც. „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ აკისრებდნენ პასუხისმგებლობას 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოებს”, – განმარტებულია განცხადებაში.

ამასთან, DRI აღნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციისკენ და სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერისკენ მიმართული გზავნილები ჰქონდათ. ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს ლევან ვასაძის განცხადება, სადაც “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს “დიდ ქველმოქმედად და ლიბერალური დასავლეთის პირად ტყვედ” მოიხსენიებდა, თუმცა ამის პარალელურად ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებებს გამოხატავდა.

ასევე, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” განცხადებაში წერს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისა და პანდემიის ფონზე ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პოლიტიკური პარტიები ჩამოაყალიბეს. მათ შორის 2021 წელს შეიქმნა ახალი პოლიტიკური სუბიექტები- “ერო და სახელმწიფო” და “კონსერვატიული მოძრაობა”.

“ერი და სახელმწიფო” ზვიად ტომარაძემ წარადგინა, “კონსერვატიული მოძრაობა” კი მედიაპლატფორმა “ალტ-ინფოს” ბაზაზე შეიქმნა, რომელიც სამომავლოდ აქტიურად განიხილავს რუსეთთან მოკავშიერობას და პარტნიორული კავშირების განმტკიცებას.

გარდა ამისა, DRI განცხადებაში ხაზს უსვამს”ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძისა და “ქართული იდეის” თამჯდომარის, ლევან ჩაჩუას განცხადებებს. კერძოდ, ბრეგაძემ გასულ წელს პარტიის სრული განახლება დააანონსა, ჩაჩუამ კი “არჩევნების ფონზე ეროვნულ-კონსერვატიული ფლანგის გაერთიანების საკითხი წამოჭრა”.