ახალი ამბები

რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

31 იანვარი, 2022 • 1268
რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია გახდა.

ასევე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე.

პირველი მოადგილე ნაციონალური მოძრაობის წევრი ალექსანდრე ბერიძე გახდა, ხოლო მოადგილე, ისევ პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ზაზა ჯაიანი.

ნოდარ შეროზია დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

შეროზიას, ისევე როგორც ბერიძესა და ჯაიანს, მხარი საკრებულოში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა — „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ — დაუჭირეს. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა „ქართული ოცნება“.

„ქართულ ოცნებას“ კენჭისყრაზე არც კანდიდატები დაუსახელებია.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია შელეგიამ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა არ უკავშირდება რაიმე გარიგებას პარტიებს შორის და მათი მიზანია წარმომადგენლობით ორგანოებში ბალანსის უზრუნველყოფა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ალექსანდრე ბერიძის განცხადებით, „პარტიის სახელწოდებას მნიშვნელობა არ აქვს და მათ მხარი დაუჭირეს ოპოზიციურ კანდიდატს, რადგან სურვილი აქვთ, რომ ქალაქის საკრებულო ოპოზიციური იყოს“.

ნეტგაზეთი ცდილობს მიიღოს პასუხი „ქართული ოცნების“ წევრებისგან, თუ რატომ არ მიიღეს კენჭისყრასა და კანდიდატების დასახელებაში მონაწილეობა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გახარიას პარტიის წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარეები გახდნენ ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი