ახალი ამბები

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას

7 თებერვალი, 2022 • 923
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე კომიტეტმა დღეს, 7 თებერვალს, იმსჯელა.

ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი მხოლოდ საპროცედურო კომიტეტში “ქართული ოცნების” წევრებმა დაუჭირეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული რეკომენდაციით პარლამენტს მიმართავს და ახლა უკვე სასესიო სხდომაზე უნდა გადაწყდეს, შეუწყდება თუ არა ჯაფარიძეს უფლებამოსილება.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის, კახა კუჭავასთვის და ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას.

მასალების გადაბეჭდვის წესი