ახალი ამბები

გლდანის ბინაში, სადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მაშველებს ღუმელი ღია, ანთებული დახვდათ — “თბილისი ენერჯი”

29 იანვარი, 2022 •
გლდანის ბინაში, სადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მაშველებს ღუმელი ღია, ანთებული დახვდათ — “თბილისი ენერჯი”

გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარ შემთხვევაზე, რომელსაც 3 არასრულწლოვანისა და 2 ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, “თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს.

“საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ”, — დასძენს კომპანია.

მისი განცხადებით, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა”.

“ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და ნუ გამოიყენებენ აკრძალულ დანადგარებსა და გაზქურას გასათბობად.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი