ახალი ამბები

ბაიდენის თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ჯარებს გაგზავნის

29 იანვარი, 2022 • 1821
ბაიდენის თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ჯარებს გაგზავნის

ჯო ბაიდენის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ნატოს წევრ ქვეყნებში აშშ-ის ჯარების გადაყვანა “ახლო პერსპექტივაში” იგეგმება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 29 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე ახლო პერსპექტივაში გადავიყვან ამერიკის ჯარებს ნატოს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში — არც ისე ბევრს”, — ციტირებს ჯო ბაიდენს The Guardian.

ძირითადად, დასავლეთ ევროპის ქვეყნების გარშემო ათობით ათასი ამერიკელი სამხედრო აქამდეც იყო განლაგებული. თუმცა, პენტაგონში დისკუსია მიმდინარეობს სამხედროების მცირე ოდენობით გაგზავნაზე აღმოსავლეთის მიმართულების გასაძლიერებლადაც.

ბაიდენის ზემოხსენებულ განცხადებამდე, პენტაგონში თქვეს, რომ 8 500 სამხედრო უკვე მზადყოფნაშია ევროპაში შესაძლო განთავსების მიზნით.

ყოველივე ეს ხდება უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების პარალელურად, რაც დასავლეთში აჩენს შიშს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, თავს დაესხას უკრაინას. რუსეთის ხელისუფლება აღნიშნულ განზრახვას უარყოფს.

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს სანქციებით ემუქრებიან. ჯო ბაიდენმა ახსენა პერსონალური სანქციების შესაძლებლობაც უშუალოდ ვლადიმერ პუტინის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი