ახალი ამბები

პოლონეთის სეიმმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

28 იანვარი, 2022 •
პოლონეთის სეიმმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

პოლონეთის სეიმმა (პარლამენტის ქვედა პალატა) უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციით სეიმმა მიმართა ნატო-სა და ევროკავშირს და მოუწოდა მათ, „მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინაშე“. სეიმმა, ასევე, გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი შეშფოთებით აკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ. ეს აქტივობა შეიარაღებული კონფლიქტის და ევროპის დესტაბილიზაციის სერიოზულ რისკს ქმნის, რაც ეწინააღმდეგება პოლონეთის რესპუბლიკის ინტერესებს. მივმართავთ ნატოს ქვეყნების მთავრობებს და ევროკავშირს, უზრუნველყონ უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და მტკიცე პასუხი გასცენ რუსეთის ფედერაციის აგრესიას“, — ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტი ასევე გამოდის Nord Stream 2-ის გაზსადენის გაშვების წინააღმდეგ, აცხადებს რა, რომ „დღევანდელი კრიზისის ერთ-ერთი განზომილება არის რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკული ზეწოლა ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი