ახალი ამბები

მეთევზეები გეგმავენ, ხელი შეუშალონ რუსეთის სამხედრო წვრთნებს ირლანდიის სანაპიროებთან

27 იანვარი, 2022 • 2064
მეთევზეები გეგმავენ, ხელი შეუშალონ რუსეთის სამხედრო წვრთნებს ირლანდიის სანაპიროებთან

ირლანდიელ მეთევზეთა ჯგუფი გეგმავს, რუსულ გემებს ირლანდიის სანაპიროსთან ახლოს წვრთნების ჩატარებაში მშვიდობიანად შეუშალოს ხელი — იუწყება ირლანდიური RTE.

საუბარია სამხედრო წვრთნებზე, რომლებიც მომავალ თვეშია დაგეგმილი.

ირლანდიის სამხრეთისა და დასავლეთის თევზის მწარმოებელთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, არეალი, რომელშიც პროცესი უნდა წარიმართოს, “ძალიან მნიშვნელოვანია” მეთევზეებისთვის. პატრიკ მერფის სიტყვებით, სურთ, დაიცვან ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება.

რუსეთის ელჩი ირლანდიაში იური ფილატოვი აღნიშნულ პათოსს არ იზიარებს. მისი თქმით, სამხედრო წვრთნების ირგვლივ მიმდინარე კამათი “უზომოდ გადაჭარბებულია”.

მან მიმდინარე კვირის ორშაბათს პრესკონფერენცია გამართა დუბლინში და აღნიშნა, წვრთნები “არანაირად არ წარმოადგენს საფრთხეს ირლანდიისთვის ან სხვა ვინმესთვის” და არც რაიმე სახის ზიანია განზრახული.

მისივე სიტყვებით, წვრთნებში სამი ან ოთხი ხომალდი ჩაერთვება, თუმცა ფილატოვი ვერ აკონკრეტებს, გამოიყენებენ თუ არა რაკეტებს ან წყალქვეშა ნავებს. ელჩის თქმით, ის, რომ “არაფერია შემაშფოთებელი”, ირლანდიელ კოლეგებსაც აუხსნა.

მეორე მხრივ, პატრიკ მერფის თანახმად, რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირი მასაც ესაუბრა და უთხრა, რომ წვრთნებში ჩარევისათვის მეთევზეთა მიერ ნავების გაგზავნა “უგუნური” საქციელი იქნებოდა.

მერფის თქმით, რუსეთის წარმომადგენელს აუხსნეს, რომ ორგანიზაცია არ აპირებს ნავების გაგზავნას უშუალოდ რუსულ გემებთან კონფრონტაციისათვის.

“მათ ავუხსენით, რომ ჩვენს ტრადიციულ სათევზაო ადგილებში ვითევზავებთ და თუ ეს გავლენას მოახდენს წვრთნებზე, ეს ჩაითვლება მშვიდობიან პროტესტად”, — ციტირებს  ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს RTE.

მერფის თანახმად, სანაპირო ზოლის გასწვრივ ამჟამად ნახევარი მილიარდი ტონა თეთრი მერლანგი[თევზის სახეობა] დაცურავს:

“ეს მილიონი ტონა თევზია არა მარტო ჩვენთვის, არამედ რუსეთის ფლოტისთვისაც”.

მერფი ამატებს, რომ მეთევზეებს ხსენებულ არეალში თევზაობის უფლება უნდა ჰქონდეთ. მისივე თქმით, რუსულ გემებს წყალქვეშა ნავები წამოჰყვებიან და კითხულობს, რა მოხდება, თუ სათევზაო ინვენტარი წყალქვეშა ნავებს გამოედება.

ის ირლანდიის მთავრობის მოუწოდებს პროცესში ჩარევისკენ.

BBC-ის ცნობით,  საკითხზე საუბრისას, ირლანდიის ვიცე-პრემიერმა ლეო ვარადკარმა თქვა:

“მიუხედავად იმისა, რომ რუს სამხედროებს კანონის ფარგლებში შეუძლიათ, განახორციელონ ეს წვრთნები ჩვენი წყლების გარეთ და ჩვენს ეკონომიკურ ზონაში, ისინი, რა თქმა უნდა, არასასურველია და ამის შესახებ ეცნობა ხელისუფლებას”.

გარეკანის ფოტო: BBC/THOMAS BARWICK/GETTY IMAGES

მასალების გადაბეჭდვის წესი