ახალი ამბები

მოსახლეობის 42% ამბობს, რომ კოვიდზე არ აიცრება — NDI

27 იანვარი, 2022 • 906
მოსახლეობის 42% ამბობს, რომ კოვიდზე არ აიცრება — NDI

ეროვნულ-დემკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 42% ამბობს, რომ არ აიცრება.

მოქალაქეებს 2021 წლის დეკემბერში დაუსვეს კითხვა შემდეგი ფორმულირებით: „გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინას?“

42%-მა უპასუხა „არა“;

29% — „უკვე ავიცერი“;

25% — „დიახ“

3% — „არ ვიცი“.

იგივე კითხვა NDI-მ მოსახლეობას 2021 წლის ივლისშიც დაუსვა და მაშინ მოსახლეობის 35% ამბობდა, რომ აიცრებოდა, უარყოფითი პასუხი გასცა 47%მა, „უკვე ავიცერი“ — 3%, „არ ვიცი“ — 11%.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ივლისიდან დეკემბრამდე 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ამბობდა, რომ არ აიცრებოდა, ასევე შემცირდა იმ ადამიანთა პროცენტული წილი, ვინც ამბობდა, რომ აიცრებოდა, თუმცა 3%-დან 29%-მდე გაიზარდა უკვე აცრილთა რაოდენობა.

იმ ადამიანებს, რომლებსაც აცრა არ უნდათ, NDI-მ ჰკითხა მიზეზის შესახებაც. მათგან 38% აღნიშნავს, რომ არ ენდბა ვაქცინის ხარისხს, 20% უარის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომრეობას ასახელებს, 15%-ს სჯერა, რომ პანდემიასთან გამკლავება ვაქცინის გარეშეც შეიძლება, 7%-ს სწამს, რომ ვაქცინაციას რაღაც სხვა მიზნები აქვს, 6% ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია, 6% კი სხვა მიზეზებს ასახელებს.

აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი